ბიზნესი
01/09/2021

ტყავის ჩანთებისა და საფულეების ბრენდმა "სალუქვაძემ" თბილისში ორი შოურუმი გახსნა

ნატურალური და უმაღლესი ხარისხის ხელოვნური ტყავის ჩანთებისა და საფულეების მწარმოებელმა „სალუქვაძემ“ თბილისში ორი შოურუმი გახსნა. ბრენდის ნაწარმის ხილვა შეძენა გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებში შეუძლიათ. მომავალში იგეგმება სახელოსნოს გახსნაც.

როგორც ბრენდის შემქმნელმა ლიზა სალუქვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, გაფართოვდა ნაწარმის ასორტიმენტიც, თუმცა, შემცირებული გაყიდვებისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე, მამაკაცის ხაზის გაფართოების გეგმები შეფერხებულია.

„გაყიდვების თვალსაზრისით ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა გავრისკე და შოურუმი მაინც გავხსენი. თავიდან იყო მოთხოვნა, თუმცა შემდეგ ტრანსპორტის გაჩერებამ შოურუმებში ხალხის რაოდენობა ძალიან შეამცირა. ამავდროულად 30%-ით არის შემცირებული ონლაინ გაყიდვებიც. ზოგადად ზაფხულის პერიოდში გაყიდვები მცირდება ხოლმე, განსაკუთრებით აგვისტოში, თუმცა სეზონურზე მეტად გაყიდვებზე გავლენა არსებულმა ეკონომიკურმა ფონმა იქონია. თუ კიდევ უფრო არ გაუარესდება და არსებული მდგომარეობა მაინც შენარჩუნდება, შოურუმებს არ დავკეტავ და ორ თვეში სახელოსნოსაც გავხსნი, რადგან სექტემბრის შუა რიცხვებიდან გაყიდვების ზრდას ველი,“ - ამბობს დიზაინერი.