ბიზნესი
29/12/2020

ტკბილი ქვეყანა: თუ დენზე სუბსიდირება ჩვენზეც გავრცელდება, პროდუქციას არ გავაძვირებთ

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი ქვეყანა“  ელექტროენერგიის გაძვირების საკითხს „ბიზნესპარტნიორთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ კომუნალური გადასახადების ზრდა, მტკივნეულია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დააანონსებულია გაზის ტარიფის ზრდაც, გაუფასურებულია ლარი და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია.

„კომუნალური გადასახადები თვითღირებულების ნაწილია. დაანონსდა, რომ მომავალი წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით, 1.10 ლარამდე ძვირდება. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხი იყო. შესაბამისად, საფასო პოლიტიკის გადახედვა დავიწყეთ და  დავაანონსეთ, რომ ახალი წლიდან, ჩვენი პროდუქცია ქსელში, გაძვირებული ფასებით გაიყიდება. ამას ახლა ელექტროენერგიაზე ფასის ზრდაც დაემატა. ამიტომ მოგვიწევს იმ ფასების დაკორექტირება, რაც ქსელებისთვის გვაქვს მიწოდებული. წილობრივად ჩვენ ბუნებრივ აირს უფრო მეტად მოვიხმართ, ვიდრე ელექტროენერგიას, თუმცა უმნიშვნელო წილი დენზე გადასახადს არ უჭირავს,“ - აცხადებენ  კომპანიაში.

რაც შეეხება მთავრობის შეღავათს, რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირდება. კომპანიაში  განმარტავენ, რომ აღნიშნული შეღავათი ხელშესახები იქნება, თუმცა დასაზუსტებელია „ტკბილი ქვეყანა“ მოხვდება თუ არა ამ სიაში.

„ფქვილზე გაკეთებული სუბსიდირება ჩვენზე არ გავრცელდა, ეს შეეხო მხოლოდ პურის ქარხნებს. კვების პროდუქტებში გააჩნია რა მოიაზრება, შეიძლება შეეხოს ჩვენს წარმოებას და შეიძლება არა. მოგვიწევს დალოდება და ამის გარკვევა,“ - აცხადებენ „ტკბილ ქვეყანაში“.

მისი განმარტებით, პანდემიის პირველი ეტაპის დროს კომპანიას ფასები არ დაუკორექტირებია და  ყველა ხარჯი მოგების შემცირების ხარჯზე აიღო.

„ამ შემთხვევაში, თუ მთავრობის შეღავათი სუბსიდირებასთან დაკავშირებით ჩვენზეც გავცრელდება და ხარჯი უმნიშვნელო იქნება, რა თქმა უნდა ფასების შეცვლაზე არ ვიფიქრებთ, რადგან საბოლოო ჯამში, ტარიფის ზრდა ისევ მოსახლეობას აწვება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროდუქცია მასოხლეობითვის ხელმისაწვდომი იყოს,“ - აცხადებენ „ტკბილ ქვეყანაში.“

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა  დღეს დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

„თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  მთავრობა, 2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირებს.

ქვეყნის სათავეში მოსვლის დროს “ქართული ოცნების“ განაცხადი ელექტრომატარებლებზე ტარიფის შემცირება იყო, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. როგორც  ენერგეტიკული კომპანიები აცხადებენ, ტარიფის ზრდის გარეშე მათ ფუნქციონირება გაუჭირდებათ. ამას აღიარებს სპეციალისტთა უმრავლესობაც.