ბიზნესი
16/06/2021

თიზ-ები კრიპტოვალუტების წარმოებაზე კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ.

ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია, რაც მაინინგის მიმართულებით არაერთ პრობლემას ქმნის. მათ შორის, შეფერხებულია ამ დარგში ახალი ინვესტიციების ჩადება.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენლის კითხვის შინაარსის თანახმად, კრიპტოვალუტის მომპოვებლები, რომელთაც მნიშვნელოვანი მოცულობის შემოსავლები აქვთ, თიზ-ებში საქმიანობის გამო გადასახადებს არ იხიდან, რაც პრობლემაა.

როგორც ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი, სოსო ნიბლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს მიდგომა ალოგიკურია, რადგან კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანიები განსაკუთრებული პრეფერენციებით არ სარგებლობენ.

„თიზ-ის არსი ის არის, რომ იქ წარმოება უნდა იყოს, რაც ქმნის გარკვეულ მატერიალურ აქტივს. შესაბამისად, კრიპტოვალუტის წარმოებაც დაკავშირებულია ინვესტიციებთან, დასაქმებასთან, წარმოებასთან. იქმნება მნიშვნელოვანი აქტივები და ა.შ. საქართველოს ბაზარს არ ეხება. დადგენილია, რომ თუ საქართველოს ბაზარს არ ეხება, ის გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ თიზ-ში კრიპტოვალუტების წარმოება სხვა წარმოებებთან შედარებით განსხვავებულია. ან რამე განსაკუთრებული პრეფერენციებით სარგებლობს, თუმცა კანონმდებლობა მაინც ბუნდოვანია. ჩვენ რაღაც ლოგიკით ვხელმძღვანელობთ. ეს ყველაფერი დაზუსტებას საჭიროებს.

ამ ეტაპზე საგადასახადო თვალსაზრისით თიზ-ში კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა საკმაოდ ბუნდოვანია. სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ამ მიმართულებას შეეხება, თუმცა მასში საკმაოდ ბევრი ბუნდოვანებაა. თიზ-ის კანონი ამბობს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაშვებულია ნებისმიერი პროდუქტის წარმოება და მომსახურების გაწევა. საგადასახადო მიზნებისთვის შეზღუდულია მომსახურების გაწევა არარეზიდენტისთვის. რაც შეეხება ე. წ. მაინინგს, აქ უნდა გავაანალიზოთ კრიპტოვალუტების ბიზნეს მოდელი, სადაც ძირითადად ორი მიმართულებაა. პირველი, როდესაც კომპანია აწარმოებს კრიპტოვალუტას საკუთარი მიზნებისთვის, ანუ აქვს ჩვეულებრივი წარმოება. მეორე, როდესაც კომპანია ამუშავებს ე.წ სერვერებს და წარმოებულ ჰაშრეიტებს ყიდის სხვა კომპანიაზე, რაც შინაარსობრივად უფრო მომსახურების გაწევის კომპონენტს განეკუთვნება“,- განაცხადა ნიბლაძემ.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურს ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებისგან დაზუსტებული პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

"ჩვენ დიდი ხნის წინ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს. მოვითხოვეთ განმარტება და უფრო მეტი კონკრეტიკა. არიან უცხოური კომპანიები, რომლებიც მზად არიან, რომ შემოვიდნენ, განახორციელონ ინვესტიციები, დაასაქმონ მუშა-ხელი, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. რამდენჯერმე მივმართეთ და გვითხრეს, რომ ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა და ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ მალე გამოჩნდებიან და გვეტყვიან პასუხს. კრიპტოვალუტების ბაზარი რამდენიმე წლის წინ უკონტროლო იყო. შეიქმნა კანონმდებლობა, თუმცა ამას დაუმთავრებელი სახე აქვს და ლოგიკით გვიწევს ხელმძღვანელობა. ვერ ვეუბნებით ზუსტ პასუხს ინვესტორებს და ამით იკარგება შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ კომპანიები. იყო ჭორები, თითქოს ელექტროენერგიის საფასური ნაკლებია და ა.შ, რაც სრული სიცრუეა. ელექტროენერგიის საფასური ნაკლებია“,- აღნიშნა ქუთაისის თიზ-ის ხელმძღვანელმა.