თემურ ჭყონია: ორმოში ვართ და თხრას ვაგრძელებთ
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ის, ვინც ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას ახორციელებს, საზოგადოებასთან ერთად უნდა დასვას საკითხი - შეუძლია თუ არა გვქონდეს იაფი ელექტროენერგია ან იმ ფასში, რომელიც იქნება სტაბილური და არ იქნება დამოკიდებული ვალუტის ცვლილებასთან.
თემურ ჭყონიას მიაჩნია, რომ ქვეყანა ბოლომდე ვერ იყენებს იმ ენერგორესურსებს, რომლითაც საქართველო ისტორიულად ტრაბახობს.
„ჩვენს ენერგორესუსრსებს ვერ ვიყენებთ იმის გამო, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხალხისგან წინააღმდეგობა ხვდება. ხშირ შემთხვევაში კი ამ წინააღმდეგობას სახელმწიფო ვერ ლახავს. ეს მთავრობის ბრალია, რადგან ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს კარგი და ეფექტური მოლაპარაკების შედეგად, აგრესიის გარეშე. ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარება საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, რომ ჰქონდეს სტაბილური ფასი და ასე ძლიერად არ იყოს დამოკიდებული ვალუტის კურსის ცვალებადობაზე. ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომლითაც სახელმწიფომ უნდა გაგვაკვირვოს, არის თავისი პროგრესული და ხშირ შემთხვევაში “აგრესიული“, სწორი გაგება იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ინტენსიურად ჰესების მშენებლობის დაწყება,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.
მისივე განცხადებით, დენის ტარიფის ასეთი სერიოზული გაძვირება გამოიწვევს ბევრ უხერხულობას ადამიანებში, რადგან ამას ყოველთვის არ მოსდევს ხელფასების შესაბამისი ზრდა.
როგორც ჭყონია აღნიშნავს, სახელმწიფოში ბიუროკრატიული ხარჯები სამწუხაროდ არ მცირდება და ეს ლოგიკაში არსებული დისბალანსის შედეგია.
„ერთი მხრივ, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტში გარღვევაა და მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს ბიუჯეტი შევსებული. რა ხდება ეკონომიკაში ამის სერიოზული ანალიზია საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია არსებობდეს კოალიციური მთავრობა, რაც ავტომატურად ნიშნავს კოალიციურ აზროვნებას.
მართალია ბიზნესმენებს ყურს არავინ უგდებს, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში არიან მცოდნე ეკონომისტები ყველა მიმართულებით. ეს რესურსი გამოყენებული უნდა იქნეს. უნდა შედგეს კოალიციური მთავრობა, უნდა არსებობდეს კონსულტაციების დონე მაინც, რადგან ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, ეს ყველასია,“ - აცხადებს ჭყონია.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, რომ თუ ქვეყანა არ გაერთიანდა და საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა თანამედროვე ნოვაციებს და აზროვნებას, სულ ასეთ ჭაობში ვიქნებით. ახლა ვართ ჩვენ ჩავარდნილი ორმოში და ვაგრძელებთ თხრას. არ ვეძებთ ამოსავალ გზებს. რაც დიდხანს გავაგრძელებთ თხრას, მით მეტად ჩავვარდებით ორმოში,“ - აცხადებს ჭყონია.
რაც შეეხება მთავრობის შეღავათს, რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის განმავლობაში კომპანიებს, რომლებიც საკვებ პროდუქტს აწარმოებენ, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა 50%-ით დაუსუბსიდირდება, ჭყონიასთვის ეს ლოგიკას მოკლებულია.
“სუბსიდირება შეიძლება გააკეთოს მხოლოდ შეძლებულმა ბიუჯეტმა და თუ ბიუჯეტი დეფიციტურია, ეს როგორ უნდა მოხდეს, რის ხარჯზე, არ ვიცი. ზოგიერთი ფორმულა, რომელსაც ეკონომისტები გვთავაზობენ, ჩემთვის “გაუგებარია“. უფრო სწორედ, გასაგებია, მაგრამ როგორ ხსნიან ამას, ეს ჩემს ცოდნას აღემატება,“ - აცხადებს ჭყონია.
იქნება თუ არა კონკრეტულად „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიისთვის“ და “მაკდონალდს საქართველოსთვის“ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა წნეხი, ჭყონია აცხადებს, რომ მარტო „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შემთხვევაში დენის გადასახადი წლიურად 1.5 მილიონი ლარით იზრდება.
ჭყონიას განცხადებით, როდესაც საუბარია შეღავათებზე, ეს არის ძველი და ჩამორჩენილი აზროვნების შედეგი. „გაღატაკებულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სუბსიდრება და შეღავათი სწორი არ არის. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი, მკაცრი ფორმულირება ყველაფერზე და არა მლიქვნელური, სუბსიდირება უნდა მოეხდინათ ფასების ზრდის დროს და არა ერთეულებზე. გვაქვს მენტალური პრობლემაც,“ - აცხადებს ჭყონია.
შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა გუშინ დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.