ბიზნესი
15/12/2022

თელავის ღვინის მარანი: არასტაბილურობის და რეცესიის მიუხედავად, გაყიდვები არ შემცირებულა

„თელავის ღვინის მარანი“ „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელს აფასებს და აცხადებს, რომ წელს როგორც ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის, ისე კონკრეტულად ღვინის ინდუსტრიისთვის რთული წელი იყო.

ბიზნესმენი 2022 წლის რამდენიმე გამოწვევას ასახელებს, რომელმაც კომპანიაზე ნეგატიურად იმოქმედა. ესენია: არასტაბილურობა და რეცესია.

„პოლიტიკური აისახება ეკონომიკურ არსტაბილურობაში, ეს ორივე კი - არასტაბილურ სავალუტო კურსში. ჩვენ გვაქვს ძლიერი ლარი,ამისკენ მივდივართ, თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი მცირდება,რაც კარგი არ არის“-აცხადებს რამაზაშვილი.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, 2022 წელს „თელავის ღვინის მარანს“ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია გაეზარდა. მიზეზი კი  ტურისტული ექსპანსია, მეორეს მხრივ, კი საქართველოს ეკონომიკის გააქტიურებაა.

„ეს წელი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო პოსდკოვიდური და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებას, ამას  თან დაერთო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა.

ასეთ ვითარებაში საგრძნობლად შემცირდა ღვინოზე მოთხოვნა უკრაინიდან, რამაც ექსპორტში ამ ქვეყნის  წილი საგრძნობლად შეამცირა. უკრაინას მთლიან ექსპორტში  დაახლოებით 13% ეჭირა. ჯამურად, უკრაინაში რეალიზაცია სამჯერ შეგვიმცირდა“-აცხადებს რამაზაშვილი.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილმა გაყიდვებმა გადაფარა უკრაინის ბაზრიდან გამომდინარე დეფიციტი. გარდა ამისა, არ შემცირებულა სხვა დანარჩენ ბაზრებზე გაყიდვები, რამაც  საბოლოო ჯამში, კომპანია გაყიდვების  გასული წლის ინდენტურ მაჩვენებელზე გაიყვანა.

„წელს გლობალური ეკონომიკის რეცესიის ნიშნებია მკვეთრად გამოხატული, რაც თავისთავად მზარდი გაყიდვების პერსპექტივას გამორიცხავს. შესაბამისად, გაგვიჭირდება პანდემიამდელ მაჩევენებლამდე მისვლა  იქამდე, სანამ მსოფლიოს ეკონომიკას გამოცოცხლების ნიშნები არ დაეტყობა. ღვინო არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, შესაბამისად, მოსახლეობა ამაში იმდენს არ ხარჯავს, რამდენსაც გასულ წლებში,“-აცხადებს რამაზაშვილი.

„თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.კომპანია ექსპორტს ჯამში 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს. 

Businesspartner