თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერირებით სასტუმროს 3 საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული
თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაცია გრძელდება.
„ბიზნესპარტნიორთან“ ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის" დირექტორი ქეთევან ხუროძე აცხადებს, რომ ობიექტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, თუმცა, პანდემიის გამო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ვერ გადავიდა და ტემპი შენელდა.
„ის ვალდებულება, რაც ეკონომიკის სამინისტროს წინაშე გვქონდა, შევასრულეთ. ახლა მიმდინარეობს კურორტისთვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმრო ნომრების (100-ზე მეტი) შექმნა და საერთაშორისო ოპერატორის შერჩევა. ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ბრენდის შემოყვანასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამჟამად მიმდინარეობს ის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ყველა საერთაშორისო ბრენდისთვის მისაღები იქნება. სარემონტო და კოსმეტიკური მიმართულება დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოპერატორი შეირჩევა და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება,“ - აცხადებს ხუროძე.
რომელი საერთაშორისო ბრენდი შეიძლება შემოვიდეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ოპერატორად, ამას ხუროძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ სამუშოები ამ მხრივ აქტიურ ფაზაშია.
„სამი ბრენდია და რომელთან დავასრულებთ მოლაპარაკებებს, სამომავლოდ, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის გახდება ცნობილი. 2020 წელს გვქონდა ჩარჩო მონახაზი იმის თუ რომელი კომპანია უნდა შემოსულიყო, თუმცა, პანდმიამ წინსვლა შეაფერხა. მოგეხსენებათ, როდესაც საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებებს აწარმოებ და ხელშეკრულებას აფორმებ, ვალდებულებებზე მიდის საუბარი და გიწევს მისი შესრულება. აქედან გამომდინარე, მოხდა ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი გადავადება. ამ სამი კომპანიიდან ჩვენ ფავორიტი გვყავს, პროცესი დასრულებული არ არის და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და დავაკონკრეტო,“ - აცხადებს ხუროძე.
მისი ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბალნეოლოგიური კურორტის სრულყოფის მიზნით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში სოლიდური ინვესტიციები ხორციელდება.
ქეთევან ხუროძის განცხადებით, კომპანიამ პროექტში 10 მლნ ლარის (8 მლნ + დღგ) ინვესტიცია უკვე განახორციელა.
მისივე განცხადებით, კომპანიამ ობიექტის პრივატიზაციით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორისაა: არსებული სოლიდური კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის სახელფასო და საგადასახადო დაფარვა; ყველა არსებული სამედიცინო პროგრამის შენარჩუნება და ასე შემდეგ, რაც ხუროძის განცხადებით, უკვე გასტუმრებულია.
შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 1 აპრილიდან კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%–ს კი „მეიდანი“.