ბიზნესი
05/01/2021

თამაზ დაუშვილი მთავრობას ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს შექმნას ურჩევს

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი 2021 წელს მთავრობის მიერ აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და ხელისუფლებას ერთგვარ რეკომენდაციას აძლევს.

მისი განმარტებით, იმისთვის რომ ქვეყანაში ადვილად დაძლევადი გახდეს პანდემიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური კრიზისი, მიმდინარე წელს მმართველმა ძალამ აქცენტი რამდენიმე მიმართულებით უნდა გააკეთოს. მათ შორისაა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.

როგორც დაუშვილი აცხადებს, უნდა შეიქმნას კონკურენტული ბიზნესგარემო და საუკეთესო პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესდნენ.

ბიზნესმენის აზრით, კარგი იქნება თუ შეიქმნება ინვესტიციების ხელშეწყობის სახელმწიფო  სააგენტო, რა შემთხვევაშიც ინვესტორი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც შეიძლება საჭირო იყოს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, იქნება ეს მშენებლობის ნებართვა თუ ლიცენზია.

„შეიძლება ეს სააგენტო ვერ მოემსახუროს ადგილობრივ ბიზნესმენსაც, თუმცა, შესაძლებელია დიფერენციაცია მოხდეს - მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ვინც განახორციელებს, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოელი, ამ სერვისის მიღება შეძლოს. შესაძლებელია,  ამ მომსახურების მიღება გარკვეული ფასიც ღირდეს, მთავარია, იყოს ქმედითი და ეფექტური.

თუ ინვესტორს არ ექნება რწმენა იმისი, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც ხელს შეუწყობენ, ის რა თქმა უნდა უფრო უკეთეს ადგილს მოძებნის ინვესტირებისთვის. მსოფლიოში  კი საქართველოზე კარგი ქვეყანა ინვესტირებისთვის საკმაოდ ბევრია. ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, წლების მანძილზე  ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ უკეთესზე უკეთესი არ დაილევა. ამიტომ, პანდემიის ფონზე  მილიონი დოლარის მოზიდვასაც კი ოქროს ფასი აქვს. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოიყენოს რაც კი აქამდე რეფორმა განხორციელებულა, დაანახოს ინვესტორს რამდენად საინტერესო ადგილია და თუ რამე ნაკლი აქვს - აღმოფხვრას, გამოასწოროს,“ - აცხადებს დაუშვილი.

შემდეგი მიმართულება, რაზეც ხელისუფლებამ მიმდინარე წელს აქცენტი უნდა გააკეთოს - ბიუროკრატიული აპარატის შემცირებაა. ბიზნესმენის განცხადებით, აუცილებელია შემცირდეს ამ კუთხით გასაწევი ხარჯების რაოდენობა, შესაძლებელია მოხდეს გარკვეული სსიპ-ების შერწმა ან  გაუქმება.

„ძალიან ბევრი, არაფრისმომცემი სააგენტო გვაქვს, უამრავი ასეთი ორგანოა, რომელიც არაფერს არ აკეთებს, მილიონობით თანხებია გამოყოფილი მათ შენახვაზე და რეალურად, არაფერი არ კეთდება,“- აღნიშნავს დაუშვილი.

მისი განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას უცხოური ინვესტიციები განაპირობებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მსოფლიოში ეკონომიკა არ გაჩერებულა, მილიარდერები ამერიკაში კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ. მათ შორის Amazon-მა თავისი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ეს კომპანიები ახალ ამონაგებს სხვა ქვეყნებში აუცილებლად დააბანდებენ.

დაუშვილი აღნიშნავს, რომ ხელშეწყობა ადგილობრივ ბიზნესმენებსაც სჭირდება. „ადგილობრივ ბიზნესს რა უნდა, ის რომ ადგილობრივი მომხმარებელი იყოს მსყიდველუნარიანი, შესაბამისად, ქვეყანაში შემოსული ინვესტიცია უზრუნველყოფს დამატებით სამუშაო ადგილებს, ის დაიხარჯება ქვეყანაში და მისგან სარგებელს ყველა მიიღებს,“ - აცხადებს დაუშვილი.

შემდეგი მიმართულება, რომელზეც მთავრობამ ასევე აქცენტი უნდა გააკეთოს - ტურიზმის აღდგენაა. დაუშვილი მიიჩნევს, რომ თებერვლიდან აუცილებლად უნდა გაიხსნას ტურისტული სეზონი, უნდა დაიწყოს დროული ვაქცინაცია, გავრცელდეს ინფორმაცია, რომ საქართველოში უსაფრთხოა მოგზაურობა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების დასტაბილურება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური  სიტუაციის განსამუხტად.

დაუშვილის განცხადებით, აუცილებელია ბიუროკრატიული აპარატიდან დაზოგილი თანხები მიიმართოს განათლების მიმართლებით, რადგან ამ მხრივ სიტუაცია ცუდია და დღეს განათლების ხარისხი დაბალია.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე ლარის სტაბილურობა.