ტაქსების ფედერაცია: A კატეგორიის ტაქსები ქალაქს ბევრ პრობლემებს უქმნის
ტაქსების ბიზნესის მომავალი ძირითადად, აპლიკაციებს უკავშირდება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ორგანიზაცია „ტაქსების ფედერაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ აგლაძე საუბრობს და ტაქსების რეფორმას აფასებს.
მისი განმარტებით, A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსების არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ტაქსის მძღოლები ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო დიდ შემოსავალს აპლიკაციების დახმარებით მიიღებენ.
„აპლიკაციებმა სერიოზული კონკურენცია გაუწიეს თეთრი ფერის ტაქსებს. მომავალი მაინც აპლიკაციებისაა. საერთოდ, მე მოვუწოდებ ამ სფეროში დასაქმებულ ტაქსის კომპანიებსა და კერძო პირებს - ყველამ ისწავლოს აპლიკაციის ხმარება და ყველა გადავიდეს ამაზე. ერთია, როდესაც გამოძახებით და სწრაფად მოძრაობს ტაქსის მძღოლი. მეორე - როცა „თევზაობს“ და ეძებს, ვის სად გაუჩეროს. შესაბამისად, ის ნელა მოძრაობს, ეკოლოგიურადაც უფრო მეტად აბინძურებს გარემოს და საცობების თემასაც ძალიან ართულებს ასეთი მოძრაობა. შესაბამისად, რაც მეტი გადავა აპლიკაციებზე, იქნება უფრო უკეთესი“ - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
რაც შეეხება რეგულირებას, მისი თქმით, ტაქსების სფეროს დარეგულირება აუცილებლად სჭირდებოდა, რათა ტაქსების განუსაზღვრელი რაოდენობა შეემცირებინა.
„ყველა სფეროს უნდა გარკვეული რეგულაცია. ხომ არ შეიძლება მთელი თბილისი თეთრ ტაქსებად იქცეს. ამიტომ, აბსოლუტურად სწორი და ზუსტი რეგუალაციაა. ეს აპრობირებული სისტემაა მსოფლიოში და ამით ხდება ამ საინტერესო ბიზნესის კაპიტალიზაცია. იმ ხალხს, ვინც ასაკში შევა ან ვეღარ შეძლებს მუშაობას, შეეძლება ეს ლიცენზია თავისუფლად გაასხვისოს. არა 100 ლარად, არამედ, შეიძლება, რამდენიმე 1000 ლარადაც კი. ვისაც აქვს საშუალება და აინტერესებს ეს ბიზნესი, უნდა აიღოს ლიცენზია 20 მარტამდე. თუ არადა, მერე ბაზრის ფასი რაც იქნება, იმით მოუწევთ აღება“ - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
მისივე განმარტებით, ამ ბიზნესში მუშაობის შესაძლებლობას განუსაზღვრელად მაინც ტოვებს B კატეგორია. ხოლო A კატეგორია უნდა შიეზღუდოს, რადგან ქალაქს ბევრ პრობლემას უქმნის.
ტაქსების რეფორმის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება.
პირველ აპრილს ერთჯერადად და საბოლოოდ დარიგდება უვადო ნებართვები, რომელთა გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თავად შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს აღარ გასცემს.