სნეპ ფიტნესი: გეგმა დაგვიპაუზდა, 2022 წლამდე 10 ფილიალი უნდა გვქონოდა
„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ სპორტული დარბაზების გახსნის შემდეგ (15 მარტიდან) მომართვიანობა მაღალია, აბონიმენტები კი ძირითადად, ერთ თვიანი იყიდება.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანში დაუბრუნდება „სნეპ ფიტნესი“ ფინანსურად პანდემიამდელ მდგომარეობას, სოლოღაშვილი თქმით, პანდემიის დასრულებიდან 1 წელი ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება.
„მომხმარებლების გააქტიურებული რაოდენობა და ფინანსური მაჩვენებლები ერთმანეთს არ უკავშირდება. მომხმარებლების რაოდენობა რომც დაუბუნდეს ძველ ნიშნულს, ფინანსური მაჩვენებელი არ დაუბრუნდება. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის ლარის გაუფასურება და ის ზარალი, რაც ამ 9 თვის განმავლობაში მივიღეთ,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.
მისი ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ერთ თვიანი აბონიმენტები სიმბოლურად, 5 ლარით გაძვირდა, თუმცა, ეს დროებითია და მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათი დროში გადაიწევს ან მოიხსნება, ერთ თვიანი აბონიმენტის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
კომენდანტის საათის გამო "სნეპ ფიტნესი" მომხმარებელს სრულ სერვისს ვერ სთავაზობს, როგორც სოლოღაშვილი ამბობს, ლარის გაუფასურება ხარჯებს საკმარისზე მეტად ზრდის.
„სნეპ ფიტნესი" საერთაშორისო კომპანიაა და უცხოელ პარტნიორებთან ვალდებულება დოლარში გვაქვს, დოლარში ვყიდულობთ ბარათებს, რითაც მომხმარებლები დარბაზში შედიან, იჯარები უცხოურ ვალუტაშია და ასევე ის პროდუქცია, რაც შემოდის. გამომდინარე აქედან, ჩვენ გვიძვირდება მომსახურება. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ სტაბილურობა ვერ ვიგრძნოთ ამ კუთხით. ინვესტირებაზე და ინვესტიციის განხორციელებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანია 2022 წლის ბოლომდე ქსელის გაფართოებას გეგმავდა.
„სნეპის სათაო ოფისთან ვალდებულები ვიყავით, რომ ქსელი გაგვეფართოებინა და მინიმუმ 10 ფილიალი გვქონოდა. გამომდინარე იმ პარტნიორული ურთიერთობიდან, რაც ჩვენ მათთან გვაქვს, ვუხსნით სიტუაციას და შედიან ჩვენს მდგომარეობაში,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.
დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.