ბიზნესი
27/05/2021

სნეპ ფიტნესი: აბონემენტის ფასს ბიზნესის უკუსვლის ხარჯზე ვინარჩუნებთ

„სნეპ ფიტნესის“ ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ სპორტულ დარბაზებში მიმართვიანობა მაღალია, განსაკუთრებით კი ე. წ კომენდანტის საათის შერბილების შემდეგ.

„ყველა რეგულაციის დაცვით ვმუშაობთ, შრომის ინსპექცია ამოქმებს დარბაზებს, თუ რაიმე შენიშვნა აქვთ, ვასწორებთ, ერთი სიტყვით, პულსზე გვიდევს ხელი. ჩვენს შემთხვევაში კორონავირუსით დადასტურებული მომხმარებელი არ გამოვლენილა. ასეთი მუშაობის დროს შედეგი არაერთგვაროვანია - არის თვეები, როდესაც პატარა მოგებაზე გავალთ, არის პერიოდი, როდესაც ბიზნესი მხოლოდ თავისი თავის შენახვას ახერხებს და არის თვეები, როდესაც ზარალზე გავდივართ,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს კომპანიას, რადგან რა დონეზეც კურსი გაიზარდა, იმის საპირწონედ, რომ აბონიმენტის ფასი გაიზარდოს, საკმაოდ მაღალი ფასი გამოვა  და მისი გადახდა მომხმარებელს გაუჭრდება. სოლოღაშვილი აცხადებს, რომ კომპანია ფასის შენარჩუნებას ისევ ბიზნესის უკუსვლის ხარჯზე ახერხებს. 

„ჩვენ იჯარაც დოლარში გვაქვს, შემოტანილ პროდუქციაში დოლარს ვიხდით, ფრანჩაიზი დოლარშია, ბარათები, რომლითაც მოხმარებელი დარბაზში შედის, ამასაც დოლარში ვიწერთ. მოკლედ, მინიმუმ 35%-ით გაზრდილია ყოველთვიური ხარჯი.  გაიზარდა დენის გადასახადიც, რაც ფიტნეს დარბაზს განსაკუთრებით აზრალებს, რადგან სულ ჩართულია სავარჯიშო ინვენტარი. ეს ხარჯი ფასში ავსახეთ მცირედით, მხოლოდ 5 ლარით, დაბალანსება რომ მოხდეს მინიმუმ 20 ლარით უნდა გაგვეზარდა,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

კითხვაზე, თუ არის ლარის კურსის პიკური ნიშნული, რის შემდეგაც უბრალოდ შეუძლებელი იქნება ფასის მომატების გარეშე მუშაობა, სოლოღაშვილი აცხადებს, რომ 3.3-იანი ნიშნული უკვე პიკურია.

„ამაზე მეტი გაუფასურება თუ მოხდა და დოლარმა 4 ლარი შეადგინა, მაშინ იძულებულები ვიქნებით აბონემენტების ფასი მინიმუმ  20 ლარით გავზარდოთ,“ - აცხადებს სოლოღაშვილი.

დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს.