სილქნეტმა მარეგულირებელისგან მეწილეების ცვლილებაზე წინასწარი თანხმობა მიიღო
„სილქნეტ ჰოლდინგის“ წილის 95%-ის მფლობელი „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ გახდება, - სილქნეტმა კომუნიკაციის კომისიისგან წინასწარი თანხმობა უკვე მიიღო.
რაც შეეხება საბოლოო ბენეფიციარებს, წილების გადანაწილება, როგორც სილქ როუდ ჰოლდინგში, ასევე "პრომეთეუს ჰოლდინგში" ერთნაირია და საბოლოო ბენეფიციარი ფიზიკური პირები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დავით ბორგერი არიან, რომლებიც სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებული არ არიან.
შესაბამისად, სილქნეტ ჰოლდინგის 95%-ის შეძენა საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე პირების ცვლილებას არ იწვევს და ამასთან, ამ ტრანზაქციის განხორციალებაზე და განხორციელების შემდგომ სილქნეტის საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ სილქნეტ ჰოლდინგის 95%-ის მფლობელი მალტაში რეგისტრირებული არარეზიდენტი იურიდიული პირი პრომეტეუს ჰოლდინგი იყო, ხოლო 5%-ის ასევე არარეზიდენტი იურიდიული პირი რაისტიმ ჰოლდინგ ლიმიტედი. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მომართვის შემდგომ გამოიკვეთა, რომ კომისიის თანხმობის გარეშე შეცვლილი იყო შუალედური ბენეფიციარი, რასთან დაკავშირებითაც შესაძლოა ცალკე წარმოება დაიწყოს.