ბიზნესი
18/03/2021

სილამაზის სალონებს მუსიკის ჩართვისთვის საავტორო უფლებაზე GCA ჰონორარს სთხოვს

„პანდემიის პირობებში, როდესაც ბიზნესი ისედაც რთულ სიტუაციაშია, არ მგონია, მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენების გამო, სილამაზის სალონებისთვის დამატებით გადასახადის დაკისრება სწორი იყოს,“ - ასე ეხმაურება სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაცის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე თბილისში, საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ  ერთ-ერთი სალონისთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრების ვალდებულებას. 

კომპენსციის გადახდა ბიზნეს სუბიექტს საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ (GCA) იმის გამო დააკისრა, რომ ის მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებისთვის საჭირო გადასახადს GCA-ს არ უხდიდა და კანონს არღვევდა.

შარაშენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ბიზნესის მიმართ მსგავსი მიდგომები, თუმცა, აცნობიერებს, რომ ეს კანონის ფარგლებში ხდება.

„საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ გასულ წელს ძალიან აქტიურად დაიწყო სალონებთან ურთიერთობა და გაფრთხილება, რომ არსებობს ასეთი სერვისი და ვალდებულები ვართ (სალონები) ასოციაციაში გარკვეული თანხა (გადასახადი იანგარიშება სალონის ფართის მიხედვით) გადავიხადოთ, რომ სალონში შევძლოთ მათგან დაშვებული ნაწარმოებების ჩართვა. ამ თვალსაზრისით მანამდე აქტიურად იყო ათვისებული რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.

ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი არის კანონის ფარგლებში და ასეთი ფორმით  ასოციაციაში აკუმულირებული თანხები იმ კონკრეტული პირების ანგარიშზე ირიცხება, რომლებიც ამა თუ იმ კომპოზიციის ავტორები არიან,“ - აცხადებს შარაშენიძე.

მისი ინფორმაციით, ახლა, როდესაც ბიზნესს პანდემიური შოკი აქვს, მათი მხრიდან ასეთი მოთხოვნა ზედმეტია.

„დღეს ბიზნესს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას და ეს ხომ გასათვალისწინებელი უნდა იყოს? თუმცა, ასეთი კანონი მიღებულია და ალბათ ვინც მიიღო მას სწორად მიაჩნია. ტელევიზორი, რომელზეც ნაყიდი მაქვს, ლიცენზირებულად,  სილქნეტი იქნება თუ მაგთი, ვიხდი გადასახადს, რატომ უნდა დამიწესონ კიდევ დამატებითი გადასახადი?“ - აცხადებს შარაშენიძე.  

„ბიზნესპარტნიორი“ საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციასაც დაუკავშირდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძზღვანელი გიგა კობალაძე აცხადებს, კანონით, ყველა მოსარგებლეს, რომელიც საკუთარ საქმიანობაში საავტორო და მომიჯნავე უფლების ობიექტს იყენებს ,ამ შემთხვევაში საუბარია მუსიკაზე, ვალდებულია „საავტორო და მომიჯნავე  უფლების შესახებ კანონით“ ჰქონდეს  ლიცენზია და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. ამის შემდეგ კი ბიზნეს სუბიექტს შეუძლია ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შექმნილია მსოფლიოში შესრულებულ იქნეს სალონში ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით.

„ასოციაცია არ არის ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, არ გვაქვს ბიზნეს სუბიექტების დაჯარიმების უფლება. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ, მივდივართ სასამართლოში და იმ მოსარგებლეების მიმართ დავას ვიწყებთ, ვინც კანონის მოთხოვნის შესრულებას თავს არიდებს. შესაბამისად, მათ სასამართლოს წესით შეიძლება დაეკისროთ კომპენსაციის გადახდა. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ავტორებს და შემოსრულებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“ - აცხადებს კობალაძე.

მისი ინფორმაციით, ლიცენზირების პროცესი საქართველოში აქტიურად 8 წლის წინ დაიწყო. სილამაზის სალონები არის ერთ-ერთი სეგმენტი, რომელმაც ასოციაციასთან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს და ჰონორარი გადაიხადოს. „მათ შორის, ჩვენთან ჰონორარებს იხდიან სასტუმროები, რესტორნები, ტელევიზია, რადიო. აკუმულირებული თანხები ჩვენს მიერ ნაწილდება როგორც ქართველ ავტორებზე, ისე უცხოეთში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში არსებულ ავტორებზე,“ - აცხადებს კობალაძე.

კითხვაზე, რამდენია ჰონორარი, რომელიც ბიზნეს სუბიექტმა თვის განმავლობაში ასოაციაციას უნდა გადაუხადოს, კობალაძე აღნიშნავს, რომ  კანონით, ყველა სეგმენტისთვის სხვადასხვა ტარიფია დადგენილი. მაგალითად, სხვა ტარიფია სალონებისთვის, სხვა  - რესტორნებისთვის და ა.შ.

„სილამაზის სალონების შემთხვევაში ტარიფი იწყება 20 ლარიდან და 150 ლარამდე, გააჩნია კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტს რამდენი სკამი აქვს, სადაც მომსახურების გაწევა ხდება. ვინც ამ მოთხოვნას თავს არიდებს, ჩვენ არ ვართ ადმინისტრაციული ორგანო, მივდივართ სასამართლოში ურჩი მოსარგებლეების მიმართ და სასამართლოს მეშვეობით ვითხოვთ ჰონორარის გადახდას,“ - აცხადებს კობალაძე.  

მისი ინფორმაციით, საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციამ სასამართლოს მეშვეობით 2008 წლიდან დღემდე ჯამში 1500-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს(ყველა სეგმენტი) ჰონორარის გადახდა დააკისრა.