შუხმან ვაინს ჯორჯია : არატრადიციული ბაზრებიდან ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია
„შუხმან ვაინს ჯორჯია“ წელს 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, ამის შესახებ „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჯამში წელს 1,5 მლნ ბოთლის ექსპორტია გათვალისწინებული, რომლის 92% გადის 25-ზე მეტ ქვეყნის ბაზარზე, დანარჩენი 8% კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. როგორც აბრამიშვილი აცხადებს, კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ექსპორტი და ბაზრების დივერსიფიკაცია.
„კარგი მაჩვენებლები და გამოხმაურებები გვაქვს მეტად დიდი და მსყიდველობითუნარიანი ბაზრებიდან,მათ შორის, აშშ-დან და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენი მიზანია, რომ ამ რეგიონებში კომპანიის გაყიდვები უფრო მეტად განვითარდეს, რასაც წინ უძღვის რიგი მოსამზადებელი სამუშაოები როგორიცაა, მარკეტინგი და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება, ამაში კი სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული.
წლებია ღვინის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს, გამოყოფილია ფინანსური სახსრებიც, ერთობლივი გზით ხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და ნაკლებად გაზომვადი ეფექტი, რომელსაც აუცილებლად დიდი შედეგები მოჰყვება ,“-აცხადებს აბრამიშვილი.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არატრადიციული ბაზრებიდან მკვეთრად გაზრდილია.
რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრებს, ესეც რა თქმა უნდა ქვეყნისთვის პრიორიტეტია, თუმცა, დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში „შუხმან ვაინსის“ მიზანია მეტად ჩანაცვლდეს ტრადიციული ბაზარი არატრადიციულით,სადაც უფრო მაღალი კონკურენციის პირობებში ბევრად რთულია რეალიზაცია.
„აუცილებელია ყველა მიმართულებით გვქონდეს გადანაწილებული კვოტები, რათა დავიცვათ თავი შესაძლო რისკებისგან, რომელიც შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პანდემიით,ფინანსური კრიზისით და ასე შემდეგ,“-აცხადებს აბრამიშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media-ს დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს აზიიდან (ჩინეთი, ჰონგ-კონგი, სინგაპური) ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ.
ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართული ღვინის ცნობადობა და ექსპორტი აზიის ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილია.