ბიზნესი
12/09/2023
"შუხმან ჯგუფი" ყურძნის წიპწისგან სახისა და თავის მოვლის საშუალებების წარმოებას გეგმავს
"შუხმან ჯგუფი" ყურძნის წიპწისგან დამზადებული სახისა და თავის მოვლის საშუალებების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლოდან გეგმავს.
როგორც „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანია ახალ პროდუქტებზე ექსპერიმენტებს ატარებს.
მისი ინფორმაციით, ვინაიდან რესურსი ლიმიტირებულია, "შუხმანი ჯგუფი" ფართო დისტრიბუციას არ გეგმავს, შესაბამისად, ახალი პროდუქტები მხოლოდ ადგილზე გაიყიდება.
„ვინაიდან ყურძნის წიპწის ზეთმა და იმ პროდუქტებმა, რომლებიც ჩვენთან უკვე რამდენიმე წელია არსებობს ძალიან კარგი გამოხმაურება და ეფექტები ჰპოვა. ახლა უკვე კოსმეტოლოგიის მიმართულებაზე - სახისა და თავის მოვლის საშუალებების წარმოებაზე გადავდივართ. ამ ეტაპზე ვაკეთებთ საექსპერიმენტო ცდებს უშუალოდ სახის მოვლის კოსმეტიკაზე,"- აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.
მისივე თქმით, "შუხმან ვაინს ჯორჯიაში" უკვე არსებულმა სერვისებმა - ყურძნის წიპწის კოსმეტიკამ და სპა პროცედურებმა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. წლიდან წლამდე მოთხოვნა 50%-ით იზრდება.