ბიზნესი
23/01/2023

შესაფუთი მასალების მწარმოებლები ფალსიფიცირებული პარკების არსებობას უჩივიან

შესაფუთი მასალების მწარმოებლები ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტების არსებობას უჩივიან. მათი განმარტებით, რეგლამენტი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და არსებული პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლებას გულისხმობდა, სათანადოდ არ სრულდება. შედეგად, ის მეწარმეები, რომლებმაც საკუთარი წარმოება სრულად გადააწყვეს კომპოსტირებადი პარკების წარმოებაზე, ფალსიფიცირებულ, იაფფასიან პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ.

“შესაფუთი მასალების კლასტერის“ თანადამფუძნებელი, კომპანია Green Pack-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი სალომე ქარელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა, საქართველოში ამ მხრივ  გარკვეული გამოწვევები არსებობს.

"ერთი მხრივ, შეფუთვების მწარმოებელი კომპანიები ამბობენ, რომ ნარჩენების გადამუშავების მიმართულება მხოლოდ მათ კერძო ინიციატივებს ეფუძნება.

ასევე, ბიოდეგრადირებადი პარკების რეგლამენტსაც აღსრულების კუთხით პრობლემა აქვს. ხშირია სხვადასხვა ფალსიფიცირებული მასალის რეალიზაცია ბაზარზე, ეს კი პრობლემებს უქმნით იმ კომპანიებს, რომლებმაც სრულიად ჩაანაცვლეს მასალები და დაიწყეს კომპოსტირებადი პარკების და ასევე,ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულის წარმოება“ - აცხადებს  სალომე ქარელი.

რაც შეეხება რეციკლირებას, როგორც კლასტერში აცხადებენ, ეს პროცესი მხოლოდ კერძო ინიციატივებით მიმდინარეობს - ბაზარზე არიან პლასტიკის და ქაღალდის გადამამუშავებლები, თუმცა, მათი მასშტაბი ძალიან მცირეა.

„არამხოლოდ კერძო სექტორის, არამედ, სხვადასხვა სექტორების გაერთიანებაა საჭირო. აქ ვგულისხმობ ინდივიდებსაც, მუნიციპალიტეტებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც. თუ ყველა ეს რგოლი გაერთიანდა და ყველა ერთობლივად იმოქმედებს, უფრო მარტივად  იქნება შესაძლებელი მასშტაბური სეპარირების დაწყება და ჩვენი კომპანიებიც შეძლებენ ადგილობრივი ნედლეულით ისარგებლონ.

დღეს არ არის სტრუტურიზებული მიდგომა, კანონმდებლობა საბოლოო ეტაპამდე არ არის მისული, სეპარირების ქცევის ნორმაც არ არის გათავისებული. საჭიროა ამ პროცესების გაშლა მუნიციპალიტეტების და მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - აღნიშნავს სალომე ქარელი.

Businesspartner