სესხების 90%-ზე მეტი იპოთეკურია, ბანკი კი ამის რესტრუქტურიზებას არ ახდენს - მაია სიდამონიძე
ბიზნესისთვის დღეს გაჟღერებული და დაწესებული შეზღუდვები დამღუპველი იქნება - ასე აფასებენ „ბიზნესპარტნიორთან“ სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი რესტორნების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას.
როგორც რესტორანი და სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ბიზნესის დიდ ნაწილს იპოთეკური სესხი აქვს აღებული, შესაბამისად, მისი მომავალ წლამდე რესტრუქტურიზაცია ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს.
როგორც სიდამონიძე აცხადებს, პროცესში მთავრობა აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული და იპოთეკური სესხების გადახდა მინიმუმ გაზაფხულამდე უნდა გადავადებულიყო. სიდამონიძის განცხადებით, ბანკებსაც აქვთ თავიანთი რეგულაციები და დღეს იპოთეკური სესხების რესტრუქტურიზაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.
„დღეს არავის აქვს იმის რესურსი, რომ ოქტომბრიდან რაიმე ტიპის გადასახადი იხადოს. საშემოსავლო და ქონების გადასახადზეც რა თქმა უნდა არის იგივე კითხვები. თუ გაზაფხულზე არ გვქონდა საშუალება, დეკემბერში მით უმეტეს არავის ექნება. გარდა ამისა, მთავრობას შესწავლილი არ აქვს სესხები პორტფელი, მისი 90%-ზე მეტი ზუსტად იპოთეკურია. მთავრობის დაწესებული ნებისმიერი შეღავათი ეხებოდა ბიზნესს სესხებს, ამაში კი ხვდებიან მსხვილი ბიზნესები, მცირე და საშუალო ბიზნესი კი ფაქტობრივად მოკვდა,“ - აცხადებს სიდამონიძე.
მისი განცხადებით, რესტორნების უდიდეს ნაწილს დაკავებული უფრო საღამოს საათები აქვს. განსაკუთრებით ეს ეხება პარასკევ-შაბათ-კვირას. სიდამონიძეს შექმნილ სიტუაციაში სამომხმარებლო ქცევის შეცვლის მოლოდინი აქვს.
„თუმცა, დღევანდელ დღეს უკვე ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ბევრად უფრო სენსიტიურია უკვე გაკოტრებული ბიზნესისთვის, რადგან დღეს სარესტორნო ბიზნესი სავალალო პირობებში და გაათმაგებული ხარჯების პირობებში მუშაობს. ეს ყველაფერი დაიწყო გაზაფხულიდან, როცა ასეთი შეზღუდვები ვფიქრობ საჭირო არც იყო. 22:00 საათზე რესტორნების დახურვით შემოსავლები იმაზე მეტად შეგვიმცირდება, ვიდრე გუშინ გვქონდა, ეს კი ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ბევრი კითხვა ჩნდება - დღეში 10-10 კოვიდ ინფიცირების შემთხვევაზე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა და ბიზნესები დახურეს, დღეს კი, როდესაც დღეში 900-ზე მეტი შემთხვევაა, რატომ არ გვკეტავენ? პირველივე ეტაპზე ასეთი რადიკალური შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა დღეს ბიზნესს უფრო მეტი რესურსი ჰქონოდა. გასაგებია, რომ 900-1000 შემთხვევის დროს გარკვეული შეზღუდვებია საჭირო და ამას ვეთანხმებით, თუმცა, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს დღეს,“ - აცხადებს სიდამონიძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება 22:00 საათიდან შეიზღუდება.