ბიზნესი
04/04/2022

Scroll-მა უკრაინაში შესაძლოა, ოპერირება განაახლოს

უახლოეს მომავალში შესაძლოა Scroll-მა უკრაინაში ოპერირება განაახლოს.

როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, დანიელ დოინიცინმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მიკრო მობილობის კომპანიებსა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა, სადაც უკრაინულმა მხარემ კომპანიებს ოპერირების განახლება თხოვა.

ამ მომენტისთვის, უკრაინაში Scroll-ის მხოლოდ რამდენიმე სკუტერი მოძრაობს, რომლებიც სახელმწიფო ხმარებაშია. თუმცა ოპერირების განახლების შემთხვევაში, სერვისით სარგებლობას მომხმარებლებიც შეძლებენ.

„რამდენიმე დღის წინ იყო კომუნიკაცია. ჩვენ და სხვა მიკრო მობილობის კომპანიებს გვთხოვეს, რომ თუ შევძლებდით დაგვეწყო ოპერირება. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე, უკრაინაში მხოლოდ ველო გაზიარების სერვისი გაეშვა. ვუყურებთ ტენდენციას და იმის მიხედვით ალბათ ჩვენც ერთ-ერთი პირველები ვიქნებით, ვინც უკრაინაში ოპერირებას განაახლებს. იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის კიევში მობილობა საკმაოდ შეზღუდულია,“ - ამბობს დანიელ დოინიცინი.

რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა უკრაინის ბაზარზე Qari Electric-ის შეტანაც. კომპანიას ლიცენზია უკვე მოპოვებული ქონდა და ელექტრომოპედების გაზიარების სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავდა.