ბიზნესი
26/10/2020

Scroll-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

„შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და როგორი იქნება მობილობა,“ - აღნიშნა დანიელ დოინიცინმა.

დანიელ დოინიცინის თქმით, უკრაინაში შესვლა კომპანიამ ფინანსური და ინფრასტრუქტურული მაჩვენებლების გათვალისწინებით გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, უკრაინაში Scroll-ი 10 ადამიანს ასაქმებს.

„აუთვისებელი ბაზარი იყო, ბოლტიც სულ ახლახანს შევიდა იქ და საინტერესო იყო ჩვენთვის. ამასთან, ინფრასტრუქტურაც იძლევა ამის საშუალებას. ქალაქი დიდია, მოსახლეობა დიდია. ამასთან, იქ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დიდი გეგმები აქვთ და ჩვენც არ დავკარგეთ დრო და შევედით ბაზარზე,“- ამობს დანიელ დოინიცინი.