ბიზნესი
27/05/2023

საცხენოსნო კლუბი "შავი ცხენი"- ქვეყანაში მცირეა ლიცენზირებული იპოთერაპევტების რაოდენობა, რაც გამოწვევაა

საქართველოში იპოთერაპიას,  როგორც სამკურნალო, ისე სარელაქსაციო დანიშნულებით, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.  იზრდება იმ ცენტრების რაოდენობაც, სადაც იპოთერაპიის კურსების გავლაა შესაძლებელი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საცხენოსნო კლუბ  „შავი ცხენის“ მენეჯერმა ნინო ტურიაშვილმა განუცხადა, იპოთერაპია, ანუ სამკურნალო ცხენოსნობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არაერთი დაავადების სამკურნალოდ.

„მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მკურნლობის პროცესშიც, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა მზარდია. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო ცხენოსნობა გამოიყენება არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, არამედ როგორც ფსიქოლოგიური კორექციის და სოციალური ადაპტაციის საშუალება“, - განმარტა ნინო ტურიაშვილმა. მისი თქმით, იპოთერაპიით მკურნალობენ სქოლიოზს, ნერვულ აშლილობას, უმკლავდებიან სტრესულ მდგომარეობას და ა.შ

„იპოთერაპია, როგორც სამკურნალო და სარელაქსაციო საშუალება, წლიდან წლამდე პოპულარული ხდება საქართველოშიც. მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც საზოგადოებას ცხოვრება სტრესულ და ჩაკეტილ პირობებში მოუწია. თუმცა, სამკურნალო ცხენოსნობაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ცენტრია, სადაც იპოთერაპიით მკურნალობენ. მათ რიცხვს მაისის ბოლოს, თბილისთან ახლოს, კიდევ ერთი ცენტრი შეემატება, რომელიც „შავი ცხენის“ ბაზაზე გაიხსნება და სადაც იპოთერაპიის კურსებს როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულ ადამიანებსა და ხანდაზმულებს შევთავაზებთ“, - აღნიშნა ნინო ტურიაშვილმა.

მისივე განმარტებით, იპოთერაპიის კურსების ფასი 130-ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს, გამომდინარე იქიდან, თუ რას საჭიროებს პაციენტი.

ნინო ტურიაშვილი გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დარგში მთავარ პრობლემას შესაბამის განათლებაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რის გამოც, ამჟამად, ქვეყანაში მცირეა ლიცენზირებული, სერტიფიცირებული იპოთერაპევტების რაოდენობა.

 

 

Businesspartner