სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის 2022 წლიდან ახალი რეგულაციები წესდება
2022 წლის 1 იანვრიდან მომხმარებლის ნებართვის გარეშე სატელეკომუნიკაციო პროვაიდერები ფასიან სერვისებს და პაკეტებს ვეღარ ჩართავენ, - ამას ითვალისწინებს კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული ახალი რეგლამენტი.
როგორც რეგლამენტშია განმარტებული ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს. იქვე განმარტებულია, რომ მომხმარებლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რისთვის ერიცხებათ საფასური. შესაბამისად, კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია. კომისიაში მიაჩნიათ, რომ აბონენტისთვის ეს დრო საკმარისი იქნება იმისთვის რომ განსაზღვროს შეცვალოს თუ არა პროვაიდერი ასეთი ცვლილებების გამო.
ინტერნეტ პროვაიდერებს ვალდებულებად დაეკისრა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის საქართველოში განთავსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ვებ-გვერდებზე ხელმისაწვდომობა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინაც კი როცა მათ ინტერნეტ სერვისი გამორთული აქვთ.
ასევე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა კომპანიასთან სააბონენტო ხელშეკრულება ოფისში მისვლის გარეშე გააფორმოს.
ახალი რეგულაციებით მომხმარებელს ასევე ენიჭება უფლება, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიუხედავად მისთვის სასურველ დროს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგალითად მაშინ თუ მომსახურეობით უკმაყოფილოა.
ვალდებულებები გაიწერა პირველად ჩართვასთან დაკავშირებითაც. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიმართვიდან ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში 20 სამუშაო დღის ვადაში ან მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადაში ჩართოს ქსელში აბონენტი, ხოლო თუ კომპანიას არ შეუძლია ახალი აბონენტის აყვანა და ტექნიკურად ამისი რესურსი არ აქვს 10 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს ამის შესახებ მსურველს.
ახალი რეგულაციით დადგინდა კომპანიის მიერ საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცედურები და საჩივრების აღრიცხვის წესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე.
ახალი რეგულაციით, კომპანიებს როუმინგის ლიმიტის წინასწარი დამტკიცებაც ევალებათ, ამ ლიმიტის ამოწურვის დროს კი სერვისის მიწოდება შეწყდება. შესაბამისად, მომხმარებელი მოულოდნელი ხარჯების წინაშე აღარ აღმოჩნდებიან.