ბიზნესი
04/09/2023

"სანდომი" ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

საკონდიტრო „სანდომი“ ასორტიმენტის გაფართოებას და ტექნიკურ გადაიარაღებას გეგმავს. კომპანიამ, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი დანადგარები უკვე შემოიტანა.

როგორც საკონდიტროს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეკლა თალაკვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, დანადგარების ჩანაცვლება წელს, მიმდინარე თვეებში ეტაპობრივად მოხდა.

„ახალი დანადგარები გვაქვს - ხდება მაქსიმალურად ევროპულ დანადგარებზე გადასვლა, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პროდუქტთან ადამიანის ხელის შეხება. იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ხარისხი და ასევე, ახალი სახეობის პროდუქციის წარმოება შევძლოთ, ვცდილობთ სიახლეები შემოვიტანოთ ბაზარზე,“- აღნიშნავს თეკლა თალაკვაძე.

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ტყლაპის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია ქლიავის და ვაშლის ტყლაპს აწარმოებს. გეგმაში ატმისა და ტყემლის ტყლაპის წარმოებაში ჩაშვება შედის, რასაც კომპანია მიმდინარე წელს აპირებს. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლო ვადებმა მომავალი წლის გაზაფხულისთვის გადაიწიოს. გაფართოვდება შოკოლადიანი ნაწარმის ასორტიმენტიც. საუბარია წონის შოკოლადებზე.

ცნობისთვის, საკონდიტრო „სანდომი“ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. ის საქართველოში 2 საწარმოს ფლობს, 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 120-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს.

Businesspartner