ბიზნესი
05/02/2021

"სალუქვაძე" - ხელნაკეთი ტყავის ჩანთების 20 წლიანი ისტორია

„სალუქვაძის“ ბრენდის ნატურალური და უმაღლესი ხარისხის ხელოვნური ტყავის ჩანთებსა და ტყავის საფულეებზე მაღალი მოთხოვნაა. როგორც ბრენდის შემქმნელი ლიზა სალუქვაძე ამბობს, შეკვეთების გრაფა ყოველთვის შევსებულია და თვის განმავლობაში მინიმუმ 30 ნივთი იყიდება.

როგორც დიზაინერმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შედეგის მიღწევას ბრენდმა 2-3 წელი მოანდომა.

მზარდ მოთხოვნაზე გავლენა ვერც Covid 19-მა იქონია. მეტიც, ლიზას თქმით, პანდემიის პერიოდში „სალუქვაძეს“ გაყიდვები მინიმუმ 30%-ით გაიზარდა, ტყავის ჩანთების ფასი კი 75-დან 350 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიზაინერი როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ასევე უკვე არსებული ნაწარმის დიზაინის ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. ლიზა სალუქვაძის თქმით, შექიმნება სპეციალურად მამაკაცის ხაზიც. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდება, რაც „სალუქვაძე“ სხელოსნოს გახსნის, სადაც შოურუმიც იქნება განთავსებული. სახელოსნოს გახსნას მეწარმე მიმდინარე წელს გეგმავს.

ამ ეტაპზე პროდუქციის შექმნაზე მხოლოდ ლიზა სალუქვაძე მუშაობს, თუმცა გაფართოების შემდეგ დიზაინერი „სალუქვაძეში“ დამატებით 3 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ტყვავის ხელნაკეთი ნაწარმი etsy.com-ზეცაა განთავსებული. ამასთან, „სალუქვაძეს“ პროდუქცია პანდემიამდე მეიდანსა და ლესელიძეზეც იყიდებოდა.

პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერმა ლიზა სალუქვაძემ ჩანთების დამზადება 2000 წლიდან დაიწყო. დიზაინერი პარალელურად ტანსაცმლის დიზაინის განხრით მუშაობა. თავდაპირველად კერავდა ნაჭრის ჩანთებს და სხვადასხვა მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე აბარებდა. სამი წლის შემდეგ მუშაობა ტყავზეც დაიწყო. დიზაინერის საყვარელი საქმიანობა საბოლოოდ ბრენდ „სალუქვაძეში“ გადაიზარდა.

ტყავის ხელნაკეთი ჩანთები ბაზარზე „სალუქვაძის“ ბრენდის ქვეშ უკვე 2012 წლიდან გამოჩნდა. ნაწარმმა იმხელა წარმატება ჰპოვა და იმდენად შემოსავლიანი აღმოჩნდა, რომ ლიზა სრულიად ჩანთების წამოებაზე გადაერთო. შეიქმნა ფეისბუქის პროფილიც და პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო.