საქართველოში უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია დაარსდა
საქართველოში, Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ს ინიციატივით, უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია დაარსდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლიკა ქარდავამ, უძრავი ქონების საერთაშორისო ასოციაცია Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ს დირექტორმა ლიკა ქარდავამ განუცხადა, მათ ასოციაციას წვდომა აქვს საერთაშორისო ბაზრებთან.
„დაახლოებით, 70 ქვეყანაშია ეს ასოციაცია წარმოდგენილი და მისი მთავარი ფოკუსი მშენებლობაში ინოვაციური, ახალი მწვანე მიდგომების დანერგვაა. ამ მიზნებს მივყვებით, ცხადია, საქართველოშიც და სწორედ ამ გეგმის ნაწილია უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემიის დაარსებაც, რომლის მიზანიც, თავის მხრივ, არის სექტორისთვის უძრავი ქონების მიმართულებით უწყვეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება, როგორც ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“, - აღნიშნა ლიკა ქარდავამ.
მისივე განმარტებით, აკადემიის ეგიდით უკვე ჩატარდა პირველი საგანმანათლებლო კურსი - ,,უძრავი ქონება 360 გრადუსით”, რომელსაც 30-ამდე ადამიანი ესწრებოდა და ის მომავალშიც გაგრძელდება. ეს იყო პილოტური, სატრენინგო კურსი და 14-ამდე კომპანიის გამოცდილ, პრაქტიკოს პროფესიონალს აერთიანებდა. მათ თავიანი გამოცდილება გაუზიარეს კურსის აუდიტიორიას.
„ზოგადად, ჩვენი სატრენინგო კურსი არის ფართო სპექტრის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, დაწყებული ბაზრის კვლევით, უძრავი ქონების დეველოპმენტის კონცეფციით, მარკეტინგული მიდგომებით, გაყიდვების დაგეგმარებით, ციფრული ტექნოლოგიების, ადამიანური კაპიტალის როლით, ასევე საგადასახადო თუ იურიდიული საკითხებით, ისევე როგორც ინტერიერის დიზაინით - ყველა ეს თემატიკა ერთ კურსშია მოქცეული. ეს არის ექსპრეს კურსი, რომელიც ეხმარება მსმენელს, რომ დიდ სურათში დაინახოს უძრავი ქონების სექტორი და შემდგომ, მისთვის საინტერესო მიმართულებით განავითაროს თავისი კარიერა. გარდა ამისა, კურსი ეხმარება ამ სექტორში უკვე დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ცოდნის განახლება, ახალი ინფორმაციის მიღება უშუალოდ პრაქტიკოსებისგან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საერთაშორისო ტრენერების ჩამოყვანას და სხვადასხვა სექტორების საჭიროებებზე მორგებული კურსების დაორგანიზებას.
ამჟამად, კურსი - ,,უძრავი ქონება 360 გრადუსით” 3 დღიანი იყო და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, როგორც უკვე გითხარით, უძრავი ქონების სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, დამწყებ პროფესიონალებს, საშუალო რგოლის მენეჯერებს, ზედა რგოლის მენეჯერებს, ასევე სტუდენტებს“, - განმარტა ლიკა ქარდავამ.
მისივე ინფორმაციით, კურსის - ,,უძრავი ქონება 360 გრადუსით” გარდა, უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია გეგმავს სხვა კურსების დამატებასაც, რომლებიც ასევე უძრავი ქონების თემატიკას მიეძღვნება და მათი ხანგრძლივობები განსხვავებული იქნება.
კურსების აქტიურად ჩატარების მიზნით, აკადემია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას განიხილავს.