ბიზნესი
19/12/2022

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია: ფიშინგი უძრავი ქონების ბაზარზეც გაჩნდა

უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები სექტორში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

"საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“  მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Reale Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სერიოზულ პრობლემას ქმნის  ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს უძრავი ქონების კომპანიების ლიცენზირება და სფეროში შემოსვლა ყველასთვის შესაძლებელია, ეს კი მომხმარებლის უფლებებს აზიანებს.

„ასოციაცია დაახლოებით 8 წელია არსებობს, მისი თვითმიზანი კი ყოველთვის იყო და რჩება მთავარ პრიორიტეტად ლიცენზირების საკითხი. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს მოგვარებულია, იგივე, ჩვენ ვართ ევროპის ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოში და როდესაც გაკეთდა ანგარიში ევროპის ქვეყნებზე, ჩვენს ქვეყანაზე არცთუ კეთილსაიმედო ჩანაწერი გაკეთდა.

რაც შეეხება ამერიკის მაგალითს, ჩვენ ვართ ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოში და მოგეხსენებათ, ამერიკაში ეს ბიზნესი ყველაზე მეტად დარეგულირებულია,“-აცხადებს მებაღიშვილი.

მისივე მტკიცებით, სფეროს ლიცენზირების აუცილებლობისთვის საქმის კურსშია ბიზნეს ომბუდსმენიც. მებაღიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში სამუშაო შეხვედრებიც დაიგეგმება.

„უძრავი ქონების მიმართულებით ქვეყანაში ქაოსია. უძრავი ქონების ძალიან ბევრი კომპანიაა შემოსული, რომელიც ბაზარზე ხარისხს აგდებს. უძრავი ქონების აგენტი და ბროკერი ძალიან საპასუხისმგებლო რგოლია, მას თუ არ აქვს სანდოობა და პროფესიონალიზმი, როგორ შეიძლება მას ვანდოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო? ჩვენ როგორც ასოციაცია მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში, გვაქვს განათლების კომიტეტი და შეგვიძლია  ამ ადამიანების პროფესიული ცოდნის ამაღლებაც.

ასევე გვაქვს იურიდიული კომიტეტი და საერთაშორისო აკრედიტაცია. იმედი გვაქვს, სახელმწიფოსგან იქნება ინტერესი და ამაზე მუშაობა დაიწყება“-აცხადებს მებაღიშვილი.

კითხვაზე,ხომ არ იქნება სფეროს ლიცენზირების გადაწყვეტილების მიღება ერთგვარი არაპოპულარული ნაბიჯი და თუ არის დათვლილილი, დაახლოებით რამდენ კომპანიას მოუწევს ბაზრის დატოვება, მებაღიშვილი განმარტავს,რომ ამის დათვლა შეუძლებელია.

„ჩვენთან უძრავი ქონების კომპანიებს ხსნიან რუსებიც, უკრაინელებიც, არაბეთის ქვეყნების წარმომაგდგენლებიც. ასაქმებენ  დაახლოებით 40-80 ადამიანს და თან ისე, რომ არანაირი კომპეტენცია არ აქვთ. პორტალებზე ძალიან ბევრი ყალბი განცხადებები ვრცელდება, აბსოლუტურად მიუხედავია ეს ბიზნესი. ამ დროს მომხმარებელი რჩება მოტყუებული. უფრო მეტიც, არსებობს სხვადასხვა თაღლითური  სქემებიც.

ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ფიშინგი (ეს არის კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოპაროს სენსიტიური ინფორმაცია ან მოახდინოს კომპიუტერის კომპრომეტაცია) უძრავ ქონებაშიც გაჩნდა. პორტალებზე გაჩნდნენ ამაზე წამსვლელი ადამიანები, იწერებიან WhatsApp-ის საშუალებით და ცდილობენ თაღლითურ გარიგებაში შესვლას,“-აცხადებს მებაღიშვილი.