საქართველოს ნავთობის სექტორში შესაძლოა "ფრონტერა" დაბრუნდეს
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ “ფრონტერას” ბლოკზე შესაძლოა, განახლებული ტენდერი გამოაცხადოს.
როგორც “ბიზნესპარტნიორს” სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ტატიშვილმა განუცხადა, “ფრონტერამ” საერთაშორისო არბიტრაჟის დავალების თანახმად, სალიცენზიო ბლოკის 99% დააბრუნა. მას დარჩენილი აქვს 1%, სადაც ნავთობის და გაზის კორპორაცია მუშაობს.
“თავად “ფრონტერას” მენეჯერი კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმშია. ვიდრე ლიკვიდაციის პროცესია, იქ რომ ეკონოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს და ნავთობი არ დაიღვაროს, ეს ნავთობი მთლიანად სახელმწიფოს მოაქვს. თუმცა, პარალელურად, ჩვენ ვესაუბრებით “ფრონტერას” ამერიკულ მენეჯმენტს, რომელსაც აქვს სურვული რომ აქ გააგრძელოს სამუშაოები, ოღონდ იმ დათქმით, რომ ის პირობები, რაც არბიტრაჟმა წამოაყენა, შესრულდება, რადგან თანხა აქვს გადასახდელი. ასე, რომ არის შესაძლებლობა “ფრონტერა” დაბრუნდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, იქ სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას,” - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.
მისი თქმით, ფორმალურად, ლიცენზიის მფლობელი ისევ “ფრონტერაა”. საუბარია კაიმანის კუნძულებზე დაარსებულ “ფრონტერაზე”.
“ამ კომპანიაში რომ ლიკვიდატორი იყო შესული, მათ არავითარი მოტვაცია არ გააჩნდათ იმისა, რომ საქართველოში ემუშავათ. ვიდრე “ფრონტერას” ამერიკულ მენეჯმენტთან ეს ვითარება დალაგდება და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაბრუნდნენ თუ არა, მანამდე ჩვენ ვიმუშავებთ,” - ამბობს გიორგი ტატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ფრონტერამ” დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, კონტრაქტის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი გახდა. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით კი „ფრონტერას” ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობაა დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) დაევალა.
1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერას” 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, კომპანიამ დამატებით 2-ჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა. 20-წლიანი უშედეგო ძიების შედეგად, „ფრონტერამ” 2017 წელს კვლავ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის დამატებით 5 წლით გაგრძელება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. სწორედ ეს გახდა კორპორაციისა და სააგენტოს მხრიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში საარბიტრაჟო დავის აღძვრის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.
საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან" კონტრაქტის გახანგძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საინვესტიციო გარემოს შესანარჩუნებლად და აშშ-სთან სტრატეგიული პერტნიორობის გათვალისწინებით იქნა ახსნილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, „ფრონტერასთან” კონტრაქტი არ მოიშალა და შესაძლებლობა მიეცა საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% “ფრონტერამ” საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.