ბიზნესი
07/07/2021

საგა: ვიმედოვნებთ, გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეგლამენტი კიდევ გადავადდება

კომპანია საგა, რომელიც საქართველოს ბაზარზე გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების რეალიზაციას ეწევა, იმედოვნებს, რომ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების რეგლამენტის ამოქმედება კიდევ გადავადდება.

ამასთან, როგორც კომპანიის იურისტმა, ანა ხიტირმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რეგლამენტის ამოქმედება შეაფერხებს საგარანტიო ვალდებულებებთან დაკავშირებულ ბიზნეს პროცესებს და გააძვირებს სამომავლოდ იმპორტირებულ ტექნიკასაც.

„ვიმედოვნებთ, ვადა კიდევ გადაიწევს რადგან საერთო ჯამში ეს არ არის ის გონივრული ვადა, რომელიც შეიძლება ბიზნეს სექტორს მიეცეს და მისცეს იმის საშუალება, რომ ერთი მოცემულობიდან გადავიდეს მეორე მოცემულობაში. გამოვყოფ ფასების პრობლემას, რომელიც, სავარაუდოდ, დადგება დღის წესრიგში და იქნება აქტუალაური იქიდან გამომდიანრე, რომ ის პროდუქცია, რომელიც უნდა შემოვიდეს ახალი დადგენილებით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, გაცილებით ძვირი ჯდება, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული დონისაა, უსაფრთოების თვალსაზრისით.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ჩვენს ქვეყნაში იყიდება უსაფრთხოების დაბლი დონეა, უბრალოდ ევროპული სტანდარტი გაცილებით წინ არის, შესაბამისად, ეს გამოიწვევს ბუნებრივია ფასების ზრდას. შეიძლება შეფერხდეს ბიზნეს პროცესებიც, კერძოდ კომპანიამ ვერ შეძლოს საგარანტიო პირობების შესრულება.

ჩვენ სამომხმარებლო სეგმენტს 5 წლიანი საგარანტიო პოირობების დაცვით ვემსახურებით, თუმცა კომპანიაში არსებული მარაგები 1 წლის ვადითაა გათვალისწინებული, 1-ლი სექტემბრიდან კი ჩვენი მხრიდან დამონტაჟებული აგრეგატებისთვის სათადარიგო ნაწილების შემოტანას ვეღარ შევძლებთ,“ - ამბობს ანა ხიტირი.

“საგა იმპექსის“ იურისტმა ბიზნეს პროცესების გადაწყობაში შემფასებელი ორგანოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც, ანა ხიტირმა აღნიშნა, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა შესაბამისმა ორგანოებმა ბიზნესსექტორს მეტი კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდონ.

„მსგავსი დადგენილების ამოქმედება არ არის დაკავშირებული მარტივ პროცესებთან და საკმაოდ გრძელი გზის გავლა უწევთ კომპანიებს იმისთვის, რომ გადაეწყონ ერთი ბიზნეს პროცესიდან აბსოლუტურად განსხვავებულზე. ეს რადიკალურად განსხვავებული გზა მათ შემფასებელ ორგანოებთან ერთად უნდა გაიარონ. საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა შემფასებელი ორგანოების მხრიდან და უფრო მეტი ზუსტი, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება ბიზნესსექტორისთვის, რათა მათ შეძლონ ბიზნესის მართვა ისე, რომ პრობლემა არ შეეხოს არც სამომხმარებლო სეგმენტს მომსახურების თვალსაზრისით და არც თავად ბიზნესის კეთებას ჩვენს ქვეყანაში," - აღნიშნა ანა ხიტირმა.

შეგახსენებთ, რომ გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულებების ამოქმედება 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა. საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც ბიზნესსუბიექტებს გაზზე მომუშავე მოწყობილობებისა და საამწყობრო ნაწილების რეალიზაციისთვის ტექნიკის აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას ავალდებულებს.

Businesspartner