საბანკო ვალდებულების გამო დახურული ბიზნესი - "მინიონები“ დახმარებას მთავრობას სთხოვს
საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ დაიხურა. მიზეზი საბანკო ვალდებულებაა. უფრო ზუსტად კი, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პროცენტის გადაუხდელობის გამო ცენტრი იძულებული გახდა სამივე ფილიალი დაეხურა და აქედან ერთი საფინანსო ინსტიტუტისთვის დაეთმო.
როგორც „მინიონების“ თანადამფუძნებელი მეგი მექერიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საბანკო ინსტიტუტი დათმობაზე მხოლოდ მას შემდეგ წავიდა და სესხის გადახდა 3 თვით გადაავადა, რაც საქმეში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერია.
„სესხის პროცენტი 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე გვაქვს გადავადებული. თუმცა, პანდემიის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც ყველაფერი დაიხურა და ჩვენც ვერ ვიმუშავეთ, იმდენი ვალი დაგვედო, რომ შეუძლებელია მისი გადახდა. თვეში გვიწევს 9 000 ევროს გადახდა, რომლის მომსახურებაც ამ პირობებში წარმოუდგენელია. „მინიონებს“ ჯამში ბანკის წინაშე 600 000 ევროს დავალიანება აქვს.
გარდა ამისა, პრობლემა გვაქვს გლდანის ფილიალის მეიჯარესთან, რომელიც გვეუბნება, რომ როგორც კი კლიენტს ნახავს, 10 დღით ადრე უნდა დავცალოთ ფართი. შეღავათს ვეღარ გვიკეთებს და ამ შემთხვევაში მისიც მესმის,“ - აცხადებს მეგი მექერიშვილი.
მისი განცხადებით, საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის რეგულაციები და მუშაობის სრულად განახლების თარიღი ისევ უცნობია, მოლოდინის რეჟიმში კი ბიზნესი შემოსავლის გარეშეა.
„მუშაობის უფლებაც რომ მოგვცენ ყველანაირი რეგულაციების დაცვით და ასე შემდეგ, ამხელა სესხს ვეღარ გადავიხდით. 4 დარბაზი გვქონდა და ახლა დაგვრჩა ორი. გარე ლოკაციაზეც რომ ვიმუშაოთ ვერ გვექნება შემოსავალი, რადგან ერთეულ მშობელს აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვი მოიყვანოს. გარე ლოკაციის შემთხვევაში იზრდება ხარჯი - გმირების ანაზღაურება, ორგანიზება, ავტომობილის ხარჯი,“ - აცხადებს მეგი მექერიშვილი.
„მინიონების“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ სახელმწიფოს არაერთ უწყებას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
„ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ შემდეგი პასუხი მოგვცა - იქნებ მეიჯარემ ფართი ვერ გააქირაოს და თქვენც გადარჩეთ. ასეთი მიდგომა რატომ აქვს ხალხს არ ვიცი. სად ვეძებო სამართალი. 7 წელია ვარსებობ, 100-ზე მეტი ადამიანი მყავდა დასაქმებული, 3 ფილიალი მქონდა, გადასახადებს ვიხდიდი, დღგ-ს გადამხდელი ვარ. ჩვენ სახელმწიფო გვერდით არ გვიდგას. ნულზე დავრჩით, შიმშილის ზღვარზე ვართ და არსაიდან შველა არ არის. ვაპირებ ჯანდაცვის სამინისტროსთან გავმართო აქცია, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს. ბიზნესომბუდსმენმაც რეაგირების დატოვა ჩვენი საქმე,“ - აცხადებს მეგი მექერიშვილი.