სააღდგომოდ მწარმოებლები კვერცხის გაძვირებას არ გეგმავენ
პანდემიის მიუხედავად საქართველოში სააღდგომო სამზადისი მაინც დაიწყო. რა ღირს კვერცხი და რა მოლოდინები აქვთ მწარმოებლებს გაუფასურებული ლარის პირობებში.
მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის მოლოდინები პირდაპირ დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, გადაადგილების შესაძლო შეზღუდვაზე.
„2020 წელს გაყიდვების მაჩვენებელი დაბალი იყო. ჩვენს პროდუქტი მალფუჭებადია და იძულებულები ვიყავით პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასად გაგვეყიდა. შარშანდელი წელი ფაქტობრივად ზარალით დავასრულეთ. წელს არ ვიცი რა იქნება, თუ მთავრობა მოგვცემს იმის უფლებას, რომ ტრადიციულად ყველამ შეძლოს სასაფლაოებზე გასვლა, ჩვენი გაყიდვებიც არ შემცირდება,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.
„კოდას“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.
ჭუჭულაშვილი აცხადებს, რომ აღდგომამდე ფასების გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგება, თუმცა კომპანიას ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე ტარიფების დაკორექტირება წლის დასაწყიში 15%-ით უკვე მოუწია.
„დოლარის ოფიციალური კურსი თუ 3,5-იან ნიშნულს არ გადასცდება, ფასების გადახედვა აღარ იგეგმება. აღდგომამდე ყველანაირად ვეცდებით, რომ ფასის ზრდა არ დაუშვათ. ზოგადად, ძალიან რთული სიტუაციაა, ყოველდღიურ რეჟიმში გვეზრდება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდზე პროგნოზებს და გათვლებს ვერ ვაკეთებთ,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.
მეფრინველეობის კომპანია GPP-ის (ბრენდი ნოსტე) ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი აცხადებს, რომ კომპანია ძირითადად ქათმის ხორცის წარმოებაზეა ორიენტირებული და კვერცხს წარმოება არ აქვს, თუმცა სააღდგომო პერიოდი მისთვისაც რეალიზაციის კუთხით პიკურია.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის მხრიდან აქტივობა, კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ სააღდგომოდ მაინც რეალიზაციის მაჩვენებელი იმ ნიშნულზე გავა, როგორც გასულ წლებში.
„რაც შეეხება ფასებს, ლარის ლაუფასურება და შესაბამისად, ნედლეულის (სიმინდი, სოიო) გაძვირება ჩვენს პროდუქტებზეც აისახა, და კომპანიას წარმოებული პროდუქციის გაძვირება იანვარში მოუხდა. ამ ეტაპზე ფასის დაკორექტირება აღარ იგეგმება,“ - აცხადებს ფირცხალაიშვილი.