ბიზნესი
22/09/2023

"რუისპირის ბიოდინამიურმა მეურნეობამ" იტალიასა და შვეიცარიასთან ხელშეკრულება გააფორმა

"რუისპირის ბიოდინამიურმა მეურნეობამ" იტალიასა და შვეიცარიასთან ხელშეკრულება  გააფორმა.

როგორც "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელი, გიორგი ალადაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ხელშეკრულება 5 წლიანია და მათი ჩართულობა იტალიაში, ქალაქ ტოსკანაში ღვინის მიმართულებით 100%-იანი იქნება.

მისივე ვარაუდით, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ექსპორტზე ბევრი ქვევრის გასვლას, ასევე როგორც ღვინის, ამასთან ქვევრის წარმოების ზრდასა და ქვეყნის პოპულარიზაციას.

"მხოლოდ 2037 მეღვინე დავითვალეთ ქალაქ ტოსკანაში, რომლებსაც  სურვილი აქვთ ქვევრი ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ იტალიელ მეღვინეების უმრავლესობას რამდენიმე ქვევრი თავიანთ მეურნეობაში უკვე აქვთ. კონტრაქტის საფუძველზე,  ქვევრის ღვინის სწორი წარმოება, ქვევრის სწორი მოხმარება ამასთან, ქართული ტრადიციებისა და ღვინის წინა რიგებში წარმოება მოხდება. 

მეღვინეობაში მეოთხე ფერის ღვინო, ქარვისფერი შემოვიდა, რის შემდეგაც ფრანგებმა, იტალიელებმა და ავსტრიელებმა მისი აქტიური წარმოება დაიწყეს. აღნიშნული ჩვენ ჩრდილს მოგვაყენებდა, რომ არა ის ათასწლოვანი გამოცდილება, რომელიც ჩვენი მამა-პაპისაგან მოდის. „-აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება თავად მეურნეობაში არსებულ სიახლეებს, "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელი აღნიშნავს, მათ მეურნეობაში სასტუმროს, რესტორნის, დეგუსტაციის, ბიოდინამიკისა და მევენახეობის გამოყოფის საჭიროება გაჩნდა.

შესაბამისად, სასტუმროს ნაწილში მეურნეობის პარტნიორი კომპანია აქტიურად ჩაერთო, სადაც საცურაო აუზი და ეკოლოგიურად სუფთა ნომრები იქნება. დეგუსტაციის ნაწილში კი, ალადაშვილის განმარტებით მარანი მოეწყო, რომელიც ამ დრომდე მეურნეობას არ ჰქონდა. აღნიშნულ მარანში მოხდება როგორც ღვინოების წარმოება, ასევე დეგუსტაციაც.

ცნობისთვის, "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 2 ჰექტარზეა გაშენებული, ღვინო კი ბიოდინამიური მეთოდებით იწარმოება.

 

 

Businesspartner