როგორ უნდა განვითარდეს სამონადირეო ტურიზმი - სექტორი სუბსიდირების ინიციატივით გამოდის
ფონდი „განვითრება და გარემოს" სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე თემურ ტყემალაძე სამონადირეო ტურიზმის სუბსიდირების ინიციატივით გამოდის.
როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნული დარგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუბსიდირებულია.
მისი ინფორმაციით, ევროპასა და აზიაში არ არის ქვეყანა, რომელიც არ ავითარებს სამონადირეო ტურიზმს, რადგან ტურიზმის ეს მიმართულება საკმაოდ ძვირადღირებულია, ძირითადად გათვლილია შეძლებულ ხალხზე, შესაბამისად, ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავლის წყაროა.
როგორც თემურ ტყემალაძე აცხადებს, სამონადირეო ტურიზმის განვითარებას ავტომატურად მოყვება ასობით ადამიანის დასაქმება, ჩამოსული ტურისტები კი ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შენატანებით შეავსებენ. ასევე მნიშვნელოვანია მაღალ მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმება და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სანადირო ტურიზმის მიმართულებით ტრადიციულად ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, დღეს ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა. აღარ მაქვს საუბარი რუმინეთზე, ბულგარეთზე, უნგრეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებზე, სადაც სამონადირეო ტურიზმი ყვავის. ჩვენთან სამონადირეო ტურიზმის განვითარების ნება მოიკოჭლებს და წლებთან ერთად, მის მიმართ დამოკიდებულება კნინდება. ეს კი ძალიან ცუდია. სამონადირეო ტურიზმში უცხოელი ტურისტები 3-4 დღეში საშუალოდ 5000 დოლარს ხარჯავენ. ეს ყურადსაღებია და ამ მიმართულების განვითარება სახელმწიფო პროგრამაში უნდა შევიდეს.
ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ და აღვადგინოთ ეკოსისტემა, თუ არ გვეყოლება გარეული ცხოველების სახეობები (ტახი, ირემი, ხოხობი და სხვა) რაზე ინადირებენ? როდესაც არ ვითარდება სამონადირეო მეურნეობები, თავისთავად მიდის ზეწოლა დაცულ ტერიტორიებზე, რაც უფრო მეტად ართულებს დღევანდელ მდგომარეობას,“ - აცხადებს თემურ ტყემალაძე.
მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 20-მდე სამონადირეო მეურნეობაა, რომელიც თითქმის ვერ მუშაობს და სახელმწიფოსგან ითხოვს დროულ ჩარევას. ტყემალაძის განცხადებით, არსებობს კანონი ნადირობის შესახებ, თუმცა მისი აღსრულება ჯერჯერობით სათანადოდ ვერ ხორცილედება.
„თუმცა შეიმჩნევა დადებითი ძვრები, რაც მისასალმებელია. გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე შექმნა სსიპ ველური ბუნების სააგენტო, რომელიც მოვალეა დაარეგულიროს ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები", - აცხადებს თემურ ტყემალაძე.
მისი ინფორმაციით, ხოხბის სამშობლოდ საქართველო ითვლება, თუმცა ქვეყანაში გარეული კოლხური ხოხობი იშვიათობაა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა კავკასიურ კეთილშობილ ირემთან დაკავშირებით. ეს სახეობა ჩვენთან მოწყვლადია, წითელი ნუსხის სახეობაა და გვხვდება მხოლოდ რიგ დაცულ ტერიტორიებზე, მაშინ როცა ევროპაში პირიქითაა, მრავლრიცხოვნობითა და სიჭარბით გამოირჩევა და მათზე ნადირობა პრობლემას არ წარმოადგნეს.
ტყემალაძე საკანონდებლო ბაზის გადახედვასა და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან არსებული მდგომარეობა ამ დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.