რითეილ გრუპ ჯორჯია: კომენდანტის საათი პრობლემაა როგორც ბიზნესის, ისე ეპიდემიოლოგიური კუთხით
“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ბრენდული მაღაზიების გახსნიდან რამდენიმე კვირის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ განსხვავებით პირველი გახსნისა, როდესაც ინდუსტრია ორთვენახევრი დახურული იყო და 2020 წლის ივნისში გაიხსნა, დადებითი დინამიკაა.
მისივე ინფორმაციით, 2020 წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში დაახლოებით მესამედით შემცირებული იყო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით როგორც გაყიდვები, ისე მომხმარებლების ნაკადი.
„ახლა, ამ წლის თებერვალში გვქონდა დადებითი დინამიკა, მაგრამ ეს შეიძლება აიხსნას იმითიც, რომ იანვრიდან დაგროვილი დინამიკა იყო, რადგან დაკეტილები ვიყავით. მარტი, აპრილი, მაისი საინტერესო იქნება როგორ წავა საქმე. მარტის დასაწყისი ნორმალურია,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ დღეს არსებული ვითარება სტაბილურად შენარჩუნდა, კომპანიისთვის 2021 წელი იქნება დაახლოებით, 15-20%-ით უფრო ნაკლები მოგებით, ვიდრე, 2019 წელს.
მაღალაშვილი სწორებას 2020 წელზე არ აკეთებს, რადგან თვლის, რომ გასული წელი არაორდინალური იყო.
„ეს არის პოზიტიური პროგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ იქნა პანდემიის მესამე ტალღა და ჩაკეტვები,“-აცხადებს მაღალაშვილი.
მაღალაშვილი აცხადებს, რომ რითეილ სექტორს დიდი იმედი აქვს, რომ მესამე ტალღა არ იქნება, თუმცა, დღეს ინდუსტრია ბევრად მზადაა, ვიდრე გასულ წელს.
„ახლა უფრო მომზადებულები ვართ, ავამოქმედეთ ონლაინ მიმართულება, თუმცა, მისი წილი დაახლოებით 10%-ია. ამიტომ, ეს არ არის გადამრჩენელი, თუმცა, დიდი შვებაა იმასთან დაკავშირებით, რაც იყო. იმედი გვაქვს, რომ მესამე ტალღა არ გვექნება და ისევ ჩაკეტვა არ მიგვიწევს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
მისივე განცხადებით, 13 მარტიდან მაღაზიები უკვე შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.
„ერთადერთი შეზღუდვა რაც რჩება არის კომენდანტის საათიდან გამომდინარე 19:00 საათამდე მუშაობა. ეს არის პრობლემა როგორც ბიზნესის კუთხით, ისე ეპიდემიოლოგიური კუთხით.
„10:00 საათიდან 19:00 საათამდე მუშაობა პანდემიასთან დაკავშირებულ რისკებს გვიზრდის, რადგან მთელი საქართველო თითქმის ერთი და იგივე დროს ჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენც თუ ადრე ვმუშაობდით ცვლებით, ორ განრიგში, ახლა ვმუშაობთ-ერთში. ანუ, ყველა ვჯდებით დილით ტრანსპორტში 9 საათზე და საღამოს 19:00 საათზე. ადრე კი იყოფოდა შუაზე. ნახევარი შუადღეს მიდიოდა სახლში, მეორე ნახევარი - საღამოს. ახლა სხვანაირადაა, რაც ზრდის გადადების რისკს. თუ გადაიწევს კომენდატის საათი 1 ან 2 საათით, ყველა კომპანია იძულებული გახდება ორი ცვლაზე გადავიდეს,“ - აცხადებს მაღალაშვილი.