რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში თევზის წარმოება
საქართველოში თევზის რამდენიმე ენდემური სახეობა სრულად დაკარგულია - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ფონდი „განვითარება და გარემოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე. მისი ინფორმაციით, მსგავსს ფაქტს არცერთი ქვეყანა დაუშვებდა და იზრუნებდა ამ სახეობების აღადგენაზე.
„მაგალითად, რიონი ერთადერთი მდინარეა, სადაც ჯერ კიდევ არის ძველი კოლხური ზუთხი, მაგრამ მოწყვლადია. ეს არის ზუთხების ოჯახის უძველესი სახეობა, რომლის შესანარჩუნებლად დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. ასეთივე მგომარეობაშია შავი ზღვის ორაგული, რომელიც ზუთხის მსგავსად საქვირითოდ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გარკვეულ მდინარეებში შემოდის,“- აცხადებს ტყემალაძე.
ტყემალაძე განმარტავს, რომ გარდა სასურსათო პროდუქტებისა, იხტიოფაუნის განვითარებას უდიდესი როლი აქვს შიდა თუ გარე ტურიზმის განვითარებისათვის, რადგან საქართველოში არსებული წყალსატევები თუ მდინარეები საოცრად მომხიბვლელია და სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის.
"აქედან გამომდინარე, ამ დაგრის განვითარების პოტენციალი ძალიან დიდია და საჭიროა მხოლოდ ბრაკონიერობის აღკვეთა, რომელიც დღეს ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი თუ ხელოვნური აღწარმოების ხელშეწყობა. სახელმწიფოს ნებისა და სუბსიდირების გარეშე აღნიშნული დარგების წარმატება შეუძლებელია," - აღნიშნავს თემურ ტყემალაძე.