ბიზნესი
05/05/2022

რატომ შემცირდა ზეთის იმპორტი

2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემაა და არა ის, რომ ფასის ზრდის გამო რეალიზაცია შემცირდა. 

მისი თქმით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მანქანების დიდი რაოდენობა იდგა, რომლებიც ამინდის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ. 

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა. იმათაც იკითხეს, რომ ძალიან ცოტაა შემოსული და რამე პრობლემა ხომ არ არის. ამ დროს ათობით მანქანა იდგა გამშვებ პუნქტთან და 1 თვის განმავლობაში ვერ გადმოდიოდნენ. ამ საკითხს, უფრო წლიურ ჭრილში უნდა შევხედოთ. შეიძლება ასეთი ვითარება მივიღოთ, რომ აპრილში შემოვიდეს დიდი რაოდენობა და მარტში ნაკლები. მაგრამ ასე არ არის, რომ მაღალი ფასია და მოხმარება შემცირდა. ყველაზე იაფი მზესუმზირის ზეთია. შეიძლება შემცირდეს მაგალითად ზეითუნის ზეთი, მაგრამ მზესუმსირის ზეთი ყველაზე იაფია და ფართო მოხმარებისაა. ფასი ყველა ზეთზე გაზრდილია - პალმის ზეთზე, რაფსის ზეთზე", - აღნიშნა ივა ჭყონიამ. 

ზეთზე საექსპორტო გადასახადი გაიზარდა, რამაც საქართველოს ბაზარზე ფასის ზრდა გამოიწვია. გაიზრდება თუ არა სამომავლოდ კიდევ ფასი, ივა ჭყონიას თქმით, ამის განსაზღვრა რთულია. 

"ეს დამოკიდებულია, ექსპორტიორი ქვეყანა რას იზამს. თუ ექსპორტიორი ქვეყანა ფასს გაზრდის, ეს თავისთავად აქაც აისახება. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, პროდუქტი დეფიციტში არ იყოს", - აცხადებს ჭყონია. 

საქართველოში იმპორტირებული ზეთის ძალიან დიდი წილი რუსეთზე მოდის. მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა იმპორტიორ ქვეყნებთანაც. თუმცა, ივა ჭყონიას თქმით, სხვა ქვეყნიდან ზეთის შემოტანა იმპორტიორებს ძვირი უჯდებათ და არ უღირთ. 

"ლაპარაკი რომ მიდის, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნიდან შემოიტანო. პროდუქტის სხვა ქვეყნიდან შემოტანა უფრო ძვირი ჯდება. ვიღაცეები შეიძლება მოლაპარაკებულებიც არიან უკვე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დეფიციტი არ არის და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა არ დადგება, არ შემოაქვთ. რადგან, სხვა ქვეყნიდან ზეთი რომ შემოიტანონ, დახლზე ეღირება 15 ლარი, რომელიც არ გაიყიდება, გაფუჭდება და გადასაყრელი გახდება, როცა ანალოგი პროდუქტი, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ღირს 10 ლარი. წარმოვიდგინოთ, თუნდაც არგენტინიდან ზეთის შემოტანას რა დასჭირდება. 

1 იმპორტიორი რომ იყოს, შეიძლება თქვას, რუსულზე უარი ვთქვათ და შემოვიტანოთ არგენტინული. მაგრამ, როდესაც 50 იმპორტიორია, ფასებში კონკურენციაა და შეიძლება იყოს მკვეთრი სხვაობა. რაც უფრო ძვირია პროდუქტი, გასაყიდად უფრო რთულია, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში", -განაცხადა ივა ჭყონიამ. 

შეგახსენებთ, მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე მოქმედებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მარტში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის მარტში ქვეყანაში 3 313 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 4.6 მლნ დოლარი, აქედან უმეტესი წილი (4 მლნ დოლარი) რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში უმსხვილესი იმპორტიორი აზერბიაჯანი გახდა, საიდანაც ქვეყანაში 271 ტონა ზეთი შემოვიდა. სულ ქვეყანაში მარტში 821 000 დოლარის (511 ტონა) ზეთია იმპორტირებული. 

Businesspartner