ბიზნესი
27/09/2021

რატომ მუხრუჭდება რძისა და რძის პროდუქტების ბაზრის განვითარება - ასოციაციის განმარტება

გასულ წელთან შედარებით რძესა და რძის პროდუქტებზე ფასები საშუალოდ 5-7%-ით გაიზარდა. 

რძის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, მიზეზი არაერთია, მათ შორის შესაფუთი და სხვა მასალების იმპორტი, რომელიც ლარის კურსის არასტაბილურობის გამო, გაძვირდა.

“როგორც სხვა სურსათის პროდუქტები საქართველოში რძის ნაწარმიც გაძვირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასი მომატებულია დაახლოებით 6-7%-ით. მიზეზია არაერთია, მათ შორის ერთ-ერთი ლარის კურსის არასტაბილურობაა. წარმოებულ პროდუქციაში დიდი წილი უჭირავს იმპორტირებულ ნედლეულს, შესაფუთ მასალებს და ა.შ. მომავლისთვის რაიმეს პროგნოზირება რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული რძის წარმოება სეზონურობით გამოირჩევა და ზამთარში რძის წარმოება იკლებს, შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულება იზრდება. შესაბამისად, შესაძლოა ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით ეს ყველის ფასზე აისახება,“ - განმარტავს რძის მწარმოებელთა ასოციაციიის "საქრძე" პრეზიდენტი კახა კონიაშვილი.

ასოციაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად მიღებული რეგულაციებისა შავი ბაზრის კონტროლის ქვეშ მოქცევა ვერ ხდება რაც კეთილსინდისიერ მოთამაშეებს არაკონკურენტულ გარემოში აგდებს. კახა კონიაშვილის თქმით, სახელმწიფომ რძის მწარმოებლების კონტროლი უნდა გაამკაცროს და 2020 წელს მიღებული რეგულაციის აღსრულება, რომელიც რძის მწარმოებელი ფიზიკური პირების კონტროლს და მათ აღწერას გულისხმობს, დროულად დაიწყოს.

„პანდემიური კოვიდ სიტუაცია აფერხებს ქართველი რძის პროდუქტების მწარმოებლების განვითარებას. ერთი მხრივ ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა შემცირებულია და მათ უწევთ საკმაოდ დაბალი მარჟით კონკურენტულ ბაზარზე ტივტივი. მეორე მხრივ, კვლავ მოუგვარებელია არალეგალური შავი ბაზრის კონტროლს. ვეჯახებით არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ მეწარმესთან, რომელიც ყოველგვარი წესების დარღვევით და გადასახადების უგულებელყოფით აწარმოებს პროდუქტს, განვითარებაზე ფიქრი ზედმეტია. სამუშაო დიდია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფომ. პირველ რიგში აუცილებელია 2020 წელს მიღებული დადგენილების ამოქმედება და გულისხმობს რძის მწარმოებელი ფიზიკური პირების კონტროლს, მათ აღწერას, რეგისტრაციას და გამიჯვნას ვინ იყო შინამეურნე და ვინ ბიზნესოპერატორი. ამ კანონის აღსრულება უნდა დავიწყოთ. რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლების განვითარება ამ შავი ბაზრის წილის შემცირების გარეშე წარმოუდგენელია, სექტორი ამ პირობებში ფიზიკურად ვერ განვითარდება“, - განმარტავს კახა კონიაშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის რძის წარმოებისწლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9%-ით აღემატება 2019 წლის შედეგს.