ბიზნესი
24/03/2021

რა უშლის ხელს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას

Galt & Taggart-ი საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას ელის.

საინვესტიციო კომპანიის კვლევით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჯერჯერობით ჰიბრიდული ავტომობილებია მოთხოვნადი, ელექტრომობილების იმპორტი კი დაბალია.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.

საშუალოვადიან პერსპექტივაში Galt & Taggart-ი მიიჩნევს, რომ ეს ბარიერები აღმოფხვრადია, რამდენადაც ელექტრომობილების ფასები სწრაფად უტოლდება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ფასებს; 2020 წელს ელექტრომობილებს ერთი დამუხტვის შედეგად 475 კმ-ს გავლა შეუძლიათ, 2011 წელს კი 100 კმ-ის გავლა შეეძლოთ.

საქართველოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში მსოფლიო ტრენდებს შეესაბამება, მაგალითად, 2019 წელს საქართველოსა და მსოფლიოში გაყიდული მანქანების 2.5% ელექტრომობილები იყო (პლაგ-ინ ჰიბრიდების ჩათვლით). მთლიანობაში კი ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, მსოფლიოში ელექტრომობილების წილი მანქანების ჯამურ გაყიდვებში 32%-მდე გაიზრდება 2030 წლისთვის.

2019 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 280 ელექტრომობილის მოდელი იყო
ხელმისაწვდომი (+26% წ/წ). 2025 წლისთვის ავტომწარმოებლები 197 ახალი
მოდელის გამოშვებას გეგმავენ.

2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 485-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც კომპანია E-Space-ის მონაცემებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. ამ დროისთვის საქართველოში 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული.