რა შეღავათი ექნებათ მშენებლებს - კანონპროექტის დეტალები
საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს კიდე 1 წელი არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. აღნიშნულს "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამ შემთხვევაში, საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრთვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. ჯარიმა 2 000 ლარიდან 15 000 ლარამდეა.
საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. კანონპროექტით კი, ეს ვადა 2023 წლის იანვრამდე გადაიწევს.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლებს გარკვეული პერიოდით შეღავათი ჰქონდათ, პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის ისევ პრობლემური და ბუნდოვანია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენის პროცედურა, რადგან აღნიშნული არის სიახლე სამშენებლო სფეროში.
"აღნიშნული საკითხის პრობლემურობას მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით სუბიექტების, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში, საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწაროების იწყებს პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით.
ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემია ისევ ახდენს გარკვეულ გავლენებს ყველა მიმართულებით, მათ შორის სამშენებლო სექტორზე. პანდემიის პარარელურად, კი საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის ჯარიმის დაკისრება, კერძო სექტორში არსებული მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის, დიდი ზიანის მომტანი და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების საფუძველია", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ინიციატორები მიიჩნევენ, რომ გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ხოლო დაინტერესებული პირები გაცნობიერდნენ მითითებულ პროცედურაში.
"კერძოდ, საჭიროა, მშენებლობის ნებართვის მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა, მოიპოვონ ინფორმაცია შესაბამისი აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს სერტიფიცირებული ექსპერტის დაქირავების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობებში, შემდგომში ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოები აწარმოონ და საეტაპო ოქმები წარადგინონ სათანადო წესით", - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით, იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში დადგენილია მშენებლობის ეტაპების დასრულება და შესაბამისი ოქმის წარდგენა, მშენებლობის ნებართვის მფლობელები 2023 წლის იანვრამდე გათავისუფლდებიან საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან, ასევე, გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისგან.
მაგრამ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მითითებული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმეგბლობისაგან განთავისუფლება არ გამორიცხავს აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის/მშენებლობის ნებართვის მფლობელის ვალდებულებას, დადგენილი წესით წარადგინონ უფლებამოსილ ორგანოში ცალკეული ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია.
"მოცემული ცვლილება, ასევე შეეხება იმ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობა", - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის (შენობანაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის) და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ; ხოლო, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჩადენილია ამ კანონით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (შენობა-ნაგებობების მშენებლობისას საეტაპო ოქმის
დადგენილი წესით წარუდგენლობა) და მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე.