რა ახალ პროექტებს გეგმავს “ნიკა ვაჩეიშვილის ატენური მარანი“
„ნიკა ვაჩეიშვილის ატენური მარანი“ რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, მათ შორისაა, ყველის და თაფლის წარმოების გაფართოება, ჩირის წარმოების დაწყება, ასევე იგეგმება საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება.
არსებულ და სამომავლო პროექტებზე „ბიზნესპარტნიორს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა უკვე ატენური მარნის დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილი ესაუბრა.
როგორც ცნობილია, ატენში, ნიკა ვაჩეიშვილმა მარანი 2013 წელს გააშენა. ამას მოჰყვა 2016 წელს პატარა, 6 ნომრიანი გესთჰაუსის აშენება, რომელიც მას შემდეგ გაფართოვდა და სასტუმრო ახლა უკვე 19 ნომრიანია.
ვაჩეიშვილის განცხადებით, 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია ჩინებულის, გორული მწვანის და თავკვერის ჯიშის ვენახები, ღვინის დაყენება კი ტრადიციული მეთოდით ხდება. მეურნეობაში წარმოებული ღვინის ძალიან მცირე ნაწილი იყიდება თბილისში ნატურალური ღვინის მაღაზიებში, დანარჩენის რეალიზება კი ადგილობრივად, მეურნეობაში ხდება.
„ძირითადად, ჩვენი ფილოსოფიაა, რომ ატენის წარმოჩენა მოხდეს. ანუ ჩვენმა თაფლმა და ღვინომ სხვაგან მოგზაურობა კი არ დაიწყოს, არამედ პირიქით, უცხოელი და ქართველი ტურისტები აქ ჩამოვიდნენ, ისტორიის გაცნობასთან ერთად მისი წარმოების პროცესიც ნახონ,“ - აცხადენს ნიკა ვაჩეიშვილი.
მისი განცხადებით, მეურნეობაში თხისა და საქონლის ყველიც იწარმოება. ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ რძის პროდუქტის წარმოება გასულ წელს მცირე რაოდენობით დაიწყო (თვეში 50 კილოგრამის წარმადობით), თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია მასშტაბების გაზრდა.
„ჯერ მაინც ექსპერიმენტული ფაზაა, რადგან მას აღჭურვა და ფეხზე დაყენება სჭირდება. გვაქვს 4-5 სახეობის ყველი სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული. მაგალითად, გვაქვს წასასმელი, მდნარი ყველი, ღვინოსა და თაფლში დავარგებული. ამ დროისთვის წარმოება პატარა საყველეში ხდება, თუმცა უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, მასშტაბი გაიზრდება. ამისთვის დაახლოებით 10 000 ევროს ფინანსური რესურსია საჭირო,“ - აღნიშნავს ნიკა ვაჩეიშვილი.
მისი განმარტებით, ყველის წარმოებაში საჭირო ნედლეულს - საქონლის რძეს „ნიკა ვაჩეიშვილის ატენის მარანი“ ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, თხის რძეს კი საკუთარ ფერმაში აწარმოებს.
„არსებობს ნიკა ვაჩეიშვილის მარნის მეგობრების პატარა ჯგუფი და მინდა, რომ ამ ჯგუფის ეგიდით გამოვუშათ ჩირი, კომპოტები, ჯემები, დაფასოებული თაფლი და სარელიზაციო ქსელში გავუშვათ. ეს იქნება მცირე რაოდენობით, თუმცა, მაღალი ხარისხის. ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ დიდ ბაზარზე გავალთ, რადგან ეს არის ექსკლუზიური გემოები,“ - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.
მისი განცხადებით, სამომავლოდ დაგეგმილია როგორც საგამოფენო სივრცის მოწყობა, ისე თიხისგან საპნის დამზადებაც.
„ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ისტორიული ტრადიციების და მომავლის დაკავშირების პროგრამა. მე ცალკე არც ყველი მაინტერესებს, არც ჩირი და არც ღვინო. ეს არის ტრადიციის აღდგენა, რომელიც მომავლის ეკონომიკაა და მომავლის საქართველოა. ეს კი განათლებასთან არის გადაჯაჭვული, გვინდა გაკეთდეს საზაფხულო სკოლა. 2-3 წელია ეს მიმართულება სატესტოდ გავუშვით, თუმცა, გვინდა უფრო მასობრივი ხასიათი და დიდი მასშტაბი მივცეთ. სკოლაში ძველი აგრარული კულტურის და მეღვინოების ისტორია შეისწავლება. მინდა ეს იყოს მულტიგანათლების შესწავლის შესაძლებლობა დაწყებული მევენახოებიდან, დასრულებული ციხე-სიმაგრეების და ძველი გზების აღდგენამდე,“ - აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.