ბიზნესი
17/05/2021

პრობლემის დანახვა და ბაზრის მონაწილეების გაცნობა - PULSAR AI-ის რჩევა სტარტაპერებს

“ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემის დანახვა, შემდეგ კი ყოველდღიურად, იმ ბაზარზე თვალის დევნება, სადაც გინდა რომ შეხვიდე“, - ამის შესახებ  Pulsar AI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა.

„ბევრი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში, რომელიც იმაზე უფრო რთულ რაღაცეებს ქმნის, ვიდრე ჩვენ Pulsar-ში შევქმენით. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხედვა და იმ პრობლემის იდენტიფიცრება, რომელიც აღმოჩენას გააკეთებინებთ. ასევე, იმის დაჯერება, რომ არ არის რთული აქედან აკეთო ის საქმე, რომელმაც შეიძლება გლობალურ მასშტაბზე წარმატება მოგიტანოს.

პირველ რიგში, რა რჩევასაც მივცემდი სტარტაპერებს იქნება ის, რომ პრობლემის დანახვისთვის გაიხედონ გარეთ, ბაზრის მონაწილეები გაიცნონ და ესაუბრონ. ისინი გაგიზიარებენ ყოველდღიურად რა პრობლემებს აწყდებიან, რას ვერ აგვარებს ტექნოლოგია და ამის შემდეგ გაზომონ მასშტაბი. შემდეგ კი მოქმედებაზე გადავიდნენ,“ - აცხადებს დაჩი ჭოლაძე. 

ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალურმა კომპანია SPINCAR-მა ქართული სტარტაპი PULSAR AI-ი იყიდა. SpinCar–ის თანადამფუძნებლის მაიკლ ქვიგლის თქმით, Pulsar–ის შესყიდვა SpinCar–ის ზრდის სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

Pulsar–ის ავტომატიზირებული კომუნიკაციის შესაძლებლობას შეუძლია უპასუხოს შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნებს ელექტრონული ფოსტით ან ტექსტური შეტყობინებით.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს ერთად დაიწყეს მუშაობა, შეიმუშავეს AI ტექნოლოგია საქართველოს ფინანსური კომპანიებისთვის. 2019 წელს სოფო ჭყოიძე შეუერთდა გუნდს და მათ ერთად დააარსეს Pulsar, რომელმაც მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნა. ქართველ-ამერიკელი მეწარმე ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და გუნდს დაეხმარა ავტოვაჭრობის სივრცეში უნიკალური შესაძლებლობის დადგენაში. კომპანიამ  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA ) მხარდაჭერაც მიიღო.