ბიზნესი
11/11/2020

Pfizer–ის ვაქცინა და ბაზრის მოლოდინები

ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ვაქცინის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიოს ბაზრებზე გარკვეული მოლოდინები შექმნა. თავად კომპანიის აქციების ღირებულება ერთ დღეში 9%-ზე მეტად გაიზარდა. ბაზრის ასეთი რეაქცია სფეროს სპეციალისტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ფაიზერის" ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გარკვეული მოლოდინები შექმნა როგორც ბირჟებზე, ასევე კონკრეტული ქვეყნებისთვის. ძირითადი მოლოდინი ის არის, რომ მოსახლეობას ამ ვქცინით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ეს მათ გარეთ გამოსვლისა და აქტიური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მისცემს. აქტიურ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადგილის დათვალიერება და მოგზაურება მოჰყვება, შესაბამისად, გუშინ ამ ინფორმაციის გავრცელების შედეგად ისეთი კომპანიების აქციებმა დაიწყეს კოლოსალური ზრდა, რომელიც ოპერირებს ასეთ სექტორებში. მაგალითად, საავიაციო კომპანიები, კინოთეატრები, ე.წ ციკლური კომპანიები. ამის საწინააღმდეგოდ კი ტექნილოგიურმა კომპანიებმა, რომლებიც აქამდე ადამიანების სახლიდან მუშაობით სარგებლობდნენ, განიცადეს შემცირება. მოლოდინი უკვე ისეთია, რომ მოსახლეობა დაეყრდნობა არა ტექნოლოგიურ, არამედ ისეთ კომპანიებს, რომლებითაც აქამდე ვერ სარგებლობდნენ. ჩვენთანაც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, გააქტიურბას და უფრო ზრდას“,- აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ „გალთ ენდ თაგარტის“ საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძე აქვე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება მოიპოვებს თუ არა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ავტორიზაციას, ბაზარი თანდათან დამშვიდდება.

„ის, რომ ვაქცინა იქნება, შეცვლის ტენდენციებს და გამოიწვევს გადათამაშებას თავად კომპანიების მომგებიანობის თვალსაზრისითაც. ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ტურისტულ სექტორში დასაქმებული კომპანიების ფასი უნდა გაიზარდოს და ტექნოლოგიური კომპანიების უნდა შემცირდეს. ეს ერთგვარი კორექციის ელემენტია. გუშინდელი მოვლენა ოდნავი ეიფორიის მატარებელიც იყო. ამ ტალღას აჰყვა ინვესტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჰყვება ხოლმე ისეთ ტალღებს, როდესაც ბაზარზე სპეკულაციური ქმდებები ისახება ხოლმე. ეს ეიფორიული მდგომარეობაც დამშვიდდება და შემდეგ უფრო გამოიკვეთება კომპანიები, რომლებიც კლიენტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“,- განაცხადა სფეროს სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული კომპანია Pfizer–ის Covid ვაქცინა ინფექციების 90%-ის შემთხვევაში შედეგიანი აღმოჩნდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Covid-19 ვაქცინით, რომელიც Pfizer– მა და BioNTech SE–მა შექმნეს, ინფექციების 90%-ზე მეტი თავიდან აიცილეს.

კვლევა ათასობით მოხალისეზე ჩატარდა და ყველაზე გამამხნევებელი სამეცნიერო მიღწევაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.