ნუცა აბრამიშვილი: ბაზრების დივერსიფიკაციას ალტერნატივა არ აქვს
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობა.
როგორც ნუცა აბრამიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბაზარზე არსებობდეს ქართული ღვინო, თუმცა „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ სტატეგიაა ბაზრების დივერსიფიცირება.
„ცხადია, უკრაინაც არ არის გამონაკლისი, როგორც ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ბაზარი, სადაც ქართული პროდუქტის, ამ შემთხვევაში ღვინის გაყიდვები მარტივია, ბრენდის ცნობადობიდან გამომდინარე, შესაბამისად, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე არსებობდეს ქართული ღვინო, ანუ ყველა ტრადიციული ბაზარი იყოს შენარჩუნებული, თუმცა, „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ სტრატეგიაა, ბაზრების დივერსიფიცირება. უკრაინაში ჩვენი წილი ძალიან მცირეა, რადგან ბაზარი მსყიდველობითუნარიანობით გამორჩეული არ არის, შესაბამისად, ქართულ ღვინოზე ძალიან დაბალი ფასია. „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ პოლიტიკა კი, ძვირიანი ღვინის წარმოებაა. შესაბამისად, უკრაინის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა და ჩვენი ღვინის წარმოდგენა იქ ძალიან მწირია. თუმცა, იმედი მაქვს, ეს მოკლევადიანი დაძაბულობა ქართულ ღვინოსა და პროდუქტებზე ნაკლებად აისახება. დიდ სურვილს გამოვთქვამ, რომ ესეც გახდეს კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი მწარმოებლებისთვის, რომ ბაზრების დივერსიფიკაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა რისკების ბალანსი მოვახდინოთ“,- აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, მისი თქმით, ის ძირითად სავაჭრო პარტნიორად რჩება და მისი დაკეტვა ქართული ღვინისთვის მტკივნეული იქნება. შესაბამისად, დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში დაწყებულია პროცესები, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მეტად მსყიდველობითუნარიან ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი და როგორიც შეიძლება იყოს ინდოეთი.
„ამას აუცილებლად თან უნდა სდევდეს სავაჭრო ეკონომიკური გაღრმავებული ურთიერთობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, თუმცა, ეს საშუალოვადიანი პერსპექტივაა, რადგან ერთ და ორ დღეში ინდოეთის ბაზარი რუსეთის წილს ვერ შეისრუტავს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება დრო. იმედი მაქვს, ინდოეთი და მსგავსი დიდი ბაზრები საქართველოს სავაჭრო ქვეყნებს შორის იქნება. რუსეთში ჩვენი კომპანიის წილი 5%-ია. ამაზე მეტს არ ვყიდით ჩვენი აქტიური დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. 2021 წელს საქართველოდან რუსეთში 62 მლნ ბოთლზე მეტი ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე, უკრაინაში კი 13 მლნ-მდე. სულ საექსპორტო ბაზრებზე გასულ წელს 107 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა.