ბიზნესი
07/12/2020

“ნოსტე“ ქსელის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს - 20 მლნ ლარის ინვესტიცია მეფრინველეობაში

20 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი მეფრინველეობის კომპანია GPP-ი, რომელიც ქათამს და ქათმის პროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, ქსელის გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა განუცხადა, „ნოსტე“-ს ნედლი პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს კომპანიის საფირმო მაღაზიებში, რომელიც  ამ ეტაპზე  თბილისის მასშტაბით  20-მდეა.

მისი განცხადებით, მეფრინველეობის ფერმა წლიურად  8 მილიონ კვერცხამდე აწარმოებს, საიდანაც 2 მილიონამდე ფრთა ბროილერის ქათამია, რაც გულისხმობს წლიურად დაახლოებით 3,000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას. „ნოსტე“ მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

როგორც ფირცხალაიშვილი აცხადებს, კომპანია დაარსდა 2018 წელს, თუმცა იდეა ჩაისახა 2 წლით ადრე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე ქათმის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ადგილობრივი რესურსი არასაკმარისია გადავწყდა, რომ ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროში, კონკრეტულად კი მეფრინველეობაში განხორციელებულიყო.

„კასპის რაიონში არსებულ მოქმედ ფერმასთან მოლაპარაკების შედეგად გადავწყვიტეთ საერთო ძალისხმევით გაგვეფართოვებინა მეურნეობა და შეგვექმნა მასშტაბური კომპლექსური საწარმო, რომელიც მოიცავდა ქათმის ხორცის წარმოების სრულ ციკლს.

მეურნეობის გაფართოებისა და განვითარებისთვის 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული ინვესტიციის დაფინანსებაში დაგვეხმარა როგორც კომერციული ბანკი, კერძოდ კი, საქართველოს ბანკი, ასევე სახელმწიფო პროგრამები, "შეღავათიანი აგრო-კრედიტი" და “აწარმოე საქართველოში“.

ფირცხალაიშვილის ინფორმაციით,ამ ეტაპზე წარმოება სრული დატვირთვით მუშაობს. რაც შეეხება კომპანიის გაფართოებას, ფირცხალაშვილი აცხადებს, რომ ეს უფრო გრძელვადიანი გეგმაა.

„ჩვენი კომპანიის ძირითადი პრიორიტეტი არის უცვლელი ხარისხი რასაც ქათმის კვების განსაკუთრებული კონტროლი,HACP-ის სტანდარტების დაცვა, ჰიგიენის ნორმების მუდმივი მონიტორინგი განაპირობებს. დახურული ციკლის წარმოება გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ ქათმის წარმოების ყველა ეტაპი, რაც საბოლოოდ აისახება პროდუქციის სტაბილურ მაღალ ხარისხში“-აცხადებს ფირცხლაიშვილი.