ნედლეულის დეფიციტი, კომუნალურებზე ფასის ზრდა - “კასპის საკონსერვო ქარხნის” 2022 წელი
„კასპის საკონსერვო ქარხნის“ ერთ-ერთი დირექტორი ოთარ მერებაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელი რთული იყო, თუმცა, კომპანიის მენეჯმენტმა გამოწვევებს თავი გაართვა, შედეგად, გაყიდვების თვალსაზრისით კომპანია წელს დაგეგმილ მაჩვენებელზე გადის.
როგორც მერებაშვილი განმარტავს, მიმდინარე წელს „კასპის საკონსერვო ქარხანა“ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგა, მათ შორის იყო ცუდი ამინდებიდან გამომდინარე ნედლეულის (ხილი, ბოსტნეული) დეფიციტი, ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესები, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და კომუნალური გადასახადების ზრდა.
სწორედ აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასების დაახლოებით 30%-იანი ზრდა. თუმცა, ამ ფაქტს რეალიზაციაზე უარყოფითად არ უმოქმედია.
„ჩვენი პროდუქცია მაინც პირველადი საჭიროებისაა, შესაბამისად, ხალხი არ ზოგავს ფულს. ახლა გაყიდვების კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდებით, რადგან კონსერვები და საწებელები, ჯემები, ზამთარში ბევრად უფრო მოთხოვნადია,“-აცხადებს მერებაშვილი.
შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე შიდა ქართლიდან.
კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს.
დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა, უკრაინა და ისრაელი.