Native Racha ბრენდული მაღაზიებს ახლო მომავალში აღარ გახსნის
დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი Native Racha ბრენდული მაღაზიების გახსნის საჭიროებას ვეღარ ხედავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ პირველი ბრენდული მაღაზია ორბელიანის ბაზარში წლის დასაწყისში გახსნა, აქტიურად მოიკიდა ფეხი აჭარასა და კახეთში, მათ შორის, „აგროჰაბის“ და „კარფურის“ ქსელებში, ასევე უბნის მარკეტებში.
ბაბლუანის განცხადებით, Native Racha-ს დავარგებული ხორცპროდუქტები საკმაოდ მოთხოვნადია HoReCa სექტორში. დღეს წარმოებული პროდუქციის 60% სამასპინძლო სექტორში, 40% კი სუპერმარკეტების ქსელში იყიდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბრენდული მაღაზიების გახსნის კონცეფციაზე მუშაობა აუცილებელი აღარ არის.
Native Racha-ს პროდუქტი საქართველოში ტრადიციულად დავარგებული, ევროპული ხარისხის პროდუქტია.
დღეისთვის ამბროლაურში მოქმედ Native Racha-ს საწარმოში 40 ადამიანი მუშაობს. კომპანია თვეში 20-მდე დასახელების 2 ტონამდე დავარგებულ ხორცპროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა რაჭული ლორი, ხამონი, რაჭული სუთი, სვანური ზისხორა, სვანური კეპილი და სხვა.
კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ Native Racha-ს მიზანი, მომდევნო ორ წელში თვეში 10 ტონამდე ხორპროდუქტის წარმოებაა.
ბაბლუანის განცხადებით, კომპანია ნედლ ხორცსაც ყიდის, თუმცა, ლიმიტირებული რაოდენობით. რაც შეეხება ნედლეულს, ბაბლუანის ინფორმაციით, კომპანია პროდუქტების ნაწილს მის საკუთრებაში არსებული ქართული აბორიგენული ჯიშის ღორის ფერმაში აწარმოებს, ნაწილს კი მოსახლეობისგან იბარებს.
Native Racha-ს წარმოებამ ქართული მთის ღორის აღდგენის პროექტს შეუწყო ხელი, საიდანაც კომპანია ხორცპროდუქტებისთვის საჭირო ნედლეულით მარაგდება, მას Natige Georgia-ს პარტნიორი კომპანია „კავკასიო სუსი“ მართავს. ფერმას საშუალოდ 500-მდე სული ღორი ჰყავს.
შეგახსენებთ, Native Georgian-მა საწარმოს მართვა, კომპანია „რაჭული ლორიდან“ 2018 წლიდან გადაიბარა.