ბიზნესი
17/01/2022

MVNO ასოციაცია: თუ მობილურ ოპერატორებთან ვერ შევთანხმდებით, იურიდიულ დავას დავიწყებთ

ვირტუალურ მობილურ ოპერატორებთან „სილქნეტი“ და „ბილაინი“ ისევ არ თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე ე. წ MVNO კომპანიებს მოლაპარაკებები მხოლოდ „მაგთიკომთან“ აქვთ. იმ შემთხვევაში თუ „სილქნეტი“ „მაგთიკომი“ და „ბილაინი“ MVNO-ებს თავიანთ ქსელზე დაშვების უფლებას არ მისცემენ, ვირტუალური მობილური ოპერატორების ასოციაციაში იურიდიული დავის დაწყებას არ გამორიცხავენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია Inex Phone-ის აღმასრულებელი დირექტორი, რატი ახვლედიანი აცხადებს, დროში გაჭიანურებული მოქმედებები ქვეყანას არაერთი მიმართულებით აზიანებს.

„სილქნეტი“ ისევ არ მოდის მოლაპარაკებებზე და საერთოდ არანაირი ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია. „ბილაინმა“ თავიდანვე თქვა, რომ 2022 წლის ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები აქვს, არ იცის საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობები და ვერაფერს შემოგვთავაზებდა. „მაგთიკომთან“ ვმუშაობთ. ჯერჯერობით, ისევ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. ვცვლით აზრებსა და ინფორმაციას. ტარდება მცირედი კალკულაციაც, რომ ზოგადი შეხედულება გვქონდეს, რას შეიძლება მივაღწიოთ ურთიერთთანამშრომლობის გზით. ჩემი პირადი მოსაზრებით, სწორედ „მაგთიკომია“ ერთადერთი ადეკვატური ორგანიზაცია, რომელიც მოლაპარაკებებს არ გაურბის. ვერ ვიტყვი, რომ ტემპები სწრაფია, ჩვენ მხარესაც არის სირთულეები. თუმცა, პროცესი მაინც მიდის. არ ვიცი, საბოლოოდ მივიღებთ თუ არა MVNO-ს, დღევანდელი მოლაპარაკებები არ არის ამის გარანტორი, თუმცა, „მაგთიკომთან“ ამის რეალური შესაძლებლობა ჩანს. იმავეს ვერ ვიტყვი „სილქნეტსა“ და „ბილაინზე“.

მარეგულირებელმა კომისიამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კერძო სექტორს დროებით დამოუკიდებლად ურთიერთობის საშუალება მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს დამოუკიდებლად ვაწარმოებთ. თუ ამ მოლაპარაკებებით ვერაფერს მივაღწევთ, მერე შეგვიძლია მივმართოთ კომისიას, რომ ჩაერიოს. არსებული დავა შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით წავიდეს. რა თქმა უნდა, თუ ვერავისთან მივაღწევთ მოლაპარაკებებს, სხვა გზა აღარ გვექნება და დავიწყებთ იურიდიულ დავას. ალბათ, ჯერ კომუნიკაციების კომისიას უნდა მივმართოთ, შემდეგ სასამართლოში წავა საქმე და ა.შ. უბრალოდ, ეს ყველაფერი დროში გაიწელება და არავის არგებს. პირველ რიგში, ქვეყანას, რადგან უზარმაზარ პოტენციალს კარგავს MVNO-ს არ არსებობით”, - აღნიშნა ახვლედიანმა.

MVNO ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მსხვილ მობილურ ოპერატორებს კონკურენციის ეშინიათ. რატი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბაზარზე საფასო პოლიტიკის შეცვლის შიშიც არსებობს.

„ეს შიში რაც კომპანიებს აქვთ, არ არის უცნაური. ყველა ქვეყანაში, სადაც MVNO მკვიდრდებოდა, ასეთი შიში იყო. თუმცა, განვითარებულმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ ვირტუალური მობილური ოპერატორების არსებობა არგებს სფეროს და ყველა კომპანიას, ვინც ამ სექტორში მონაწილეობს. არ ხდება ისე, რომ MVNO-ს გამოჩენის პირობებში მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიები დაიხუროს, ან რამე შემოსავალი მოაკლდეს. პირიქით, ჩვენ უფასოდ ხომ არ ვიარსებებთ? დამოკიდებული ვიქნებით მათ ინფრასტრუქტურაზე და ამაში შემოსავალს მიიღებენ. რაც შეეხება კონკურენციას, მათ სეგმენტზე მობილური ვირტუალური ოპერატორები ვერც ერთ კომპანიას გაუწევენ კონკურენციას, რადგან მათი მოქნილობა, შესაძლებლობები უფრო მეტია, ხარჯები კი ნაკლები. MVNO-ების უპირატესობა ის არის, რომ ნიშურ სეგმენტზე შევძლებთ ორიენტირებას. ნიშური სეგმენტი კი კონკრეტულ, ვიწრო აუდიტორიას გულისხმობს. მაგალითად, ვიწრო ბიზნეს სეგმენტი, სოციუმი და სხვა. შეიძლება, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს ასეთი 2-3 ათას კაციანი ვიწრო სეგმენტი არ უღირთ იმად, რომ ფული დახარჯონ მარკეტინგულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა რესურსში. ის მილიონიან სეგმენტზე ხარჯავს ფულს“,- აღნიშნავს ახვლედიანი.

მისივე განმარტებით, დღეს ბაზარზე 5-მდე კომპანიაა, ვისაც MVNO მომსახურების გაწევის სურვილი აქვს. თუმცა, მოლაპარაკებების გაჭიანურების ფონზე, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია იკარგება.

„ჩვენ ხომ ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული. კვლევები ჩავატარეთ, ზოგმა soft-იც კი შეიძინა, საკადრო რესურსში ფული ჩადო და ა.შ. ეს ყველაფერი რაც უფრო გაჭიანურდება დროში, ამ ინვესტიციის უკან დაბრუნების ფასი ნაკლები იქნება. ერთი, რომ ამ პერიოდში ვკარგავთ შემოსავალს, მეორე ჯერჯერობით პესიმისტურად ვუყურებთ, გადახდილ თანხებს როდესმე უკან ამოვიღებთ თუ არა. ბუნებრივია, ეს წნეხად აწვება ბიზნესს და არც თუ ისე პოზიტიურ სიგნალებს იძლევა ინვესტორებისთვის“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მსხვილ მობილურ ოპერატორებს 1 წლით გადაუვადდათ ვადა MVNO ოპერატორებისთვის ოფერების შესათავაზებლად. 

ცნობისთვის, MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.

ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების, „მაგთიკომი“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას.

მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს.

2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსავლას უარყოფითად აფასებს "მაგთი". კომპანიამ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა მოსაზრება.