ბიზნესი
24/04/2021

მუშაობა დისტანციურად და ტაბელის ცხრილის წარმოება - ბიზნესი ვალდებულების გადავადებას ითხოვს

მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემთხვევაში დამსაქმებლებს ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოების პრობლემა უჩნდებათ.

როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, არსებული რეალობის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულების საკითხს უნდა გადახედოს.

დამსაქმებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის საკითხი ფორმალობა იქნება.

"როცა მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, რომ დასაქმებულები დისტანციურად გადავიყვანოთ, მოდი, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ ცოტა გაუგებარ ნორმას, რომელიც გვიდევს ამ ტაბელში. ვფიქრობ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ტაბელს უნდა გადახედოს არსებული რეალობიდან გამომდინარე," - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

პრობლემას ხედავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც. ლაშა ლაბაძე განმარტავს, რომ როგორ უნდა მოხდეს დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების სამუშაოს აღრიცხვა ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. "ეს როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში ალბათ უფრო ფორმალობად დარჩება და ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ვიდრე რეალურად ინსპექტირება არ დაიწყება შრომის ინსპექციის მხრიდან", - განმარტავს ლაშა ლაბაძე.

მთავრობამ დამსაქმებლებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაციით ეპიდვითარების გართულების გამო უკვე არაერთხელ მიმართა. თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ბიზნესმა 1 მარტიდან დაიწყო.

შრომის ინსპექციის სამსახურმა 46 ობიექტი უკვე შეამოწმა და მათი მონაცემებით, სამუშაო საათების აღრიცხვა კომპანიებს დაწყებული აქვთ. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით რითეილ-სექტორში - საცალო და საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით წარმოებდა.