მცირე და საშუალო საწარმოების ძირითადი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა - აუდიტი
საქართველოში მოქმედი საწარმოების 99.7% SME-ს მიეკუთვნება.
განმარტებისთვის, SME- ეს არის მცირე და საშუალო საწარმოები, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 250 კაცს, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 60 მლნ ლარს.
აუდიტის სამსახურმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც იკვეთება, რომ საქართველოში SME-ის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
"ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა SME- ებისთვის უფრო დაბალია
ვიდრე მსხვილი საწარმოებისთვის. ბანკები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში,
შეზღუდულნი არიან SME-ის დაკრედიტებაში", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ანგარიშის მიხედვით, ბანკის მხრიდან სესხზე უარის უმთავრესი მიზეზია პროექტის მაღალი რისკი.
მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე: უზრუნველყოფა, საკრედიტო ისტორიის არარსებობა და დაბალი ხარისხის ბიზნესგეგმა.
"საკრედიტო ისტორიის არარსებობა არის გამოწვევა სტარტაპების დაფინანსებისთვის. სესხები, დაფინანსების მისაღები სახეობაა კომპანიებისათვის, რომელთაც სტაბილური შემოსავლები გააჩნიათ და კარგად დაფუძნებული არიან ბაზარზე. კომერციული ბანკები, როგორც წესი, თავს იკავებენ ახლად შექმნილი საწარმოების დაფინანსებისგან, რადგან მათ ჯერ არ გააჩნიათ სტაბილური შემოსავლები და მაღალი რისკიანობით გამოირჩევიან. შესაბამისად, ახლად დაფუძნებული საწარმოებისათვის, დაფინანსების წყაროს უფრო მეტად პირადი დანაზოგები და სხვა წყაროები წარმოადგენს", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებმა, ხელი შეუწყონ მეწარმეებს ფინანსებზე წვდომაში.
"საჭიროა პირველი რიგში სათანადოდ შეფასდეს SME-ის საჭიროებები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა, ჩართულ მხარეებთან − ეროვნულ ბანკთან და ფინანსური ზედამხედველობის უწყებებთან, ფინანსური და კვლევითი ინსტიტუტებისა და SME-ის წარმომადგენლებთან ერთად უნდა შეაფასონ SME-ის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მოითხოვს ხარისხიანი მონაცემების არსებობასა და სახელმწიფო უწყებებისა და ფინანსური სერვისების მიმწოდებლების მხრიდან SME-ის საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. კრიტერიუმის მიხედვით, ძალისხმევა უნდა მიიმართოს SME-ის დაფინანსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გასაუმჯობესებლად.
ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ SME-ისთვის ფინანსებზე წვდომის ძირითადი ინსტრუმენტი კომერციული ბანკია, მნიშვნელოვანია გადაიჭრას ის პრობლემები, რაც SME-ს ტრადიციულ საბანკო დაკრედიტებაზე წვდომაში უშლის ხელს", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ფინანსებზე წვდომის მიმართულებით არსებული სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი გზა სუბსიდირებული კრედიტებია. ასეთი სქემების მიზანია უზრუნველყოს საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები პროგრამის ბენეფიციარებისათვის, თუმცა, აღნიშნული სახის პროგრამების
განხორციელებისას თავს იჩენს გარკვეული რისკები.
"იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კრედიტები შეზღუდულია, შესაძლოა ისინი ვერ მიიმართოს სამიზნე ჯგუფზე: რაც უფრო იაფია კრედიტი, მით უფრო მაღალია აღნიშნული რისკი.
როგორც კვლევები აჩვენებს, ისეთი კომპანიების სუბსიდირება, რომელთაც არ აქვთ ფინანსებზე წვდომის პრობლემა, ნაკლებად შედეგიანია, რადგან უმეტესად იწვევს ინვესტირების მოკლევადიან ზრდას და ნაკლებად აისახება დასაქმების, წარმოებისა და პროდუქტიულობის გრძელვადიან ტენდენციებზე. დიდ კომპანიებთან შედარებით, დახმარება უფრო შედეგიანია ფინანსებზე შეზღუდული წვდომის მქონე კომპანიებისათვის და ხელს უწყობს მათ ზრდას. მთლიანობაში სუბსიდირება ნაკლებად ქმედით ინსტრუმენტად ითვლება და მიზანშეწონილია მისი დაკავშირება ისეთ აქტივობებთან, როგორებიცაა, ტრენინგი, ტექნიკური დახმარება და ახალი დარგების დაფინანსება", - აღნიშნულია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, მეწარმეთა დახმარების შედარებით უფრო ქმედითი
ინსტრუმენტებია − ნაწილობრივი საგარანტიო სქემები და საწარმოთა მიერ კვლევისა და განვითარების სტიმულირება სუბსიდირების გზით.