
მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს
სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს.
საფინანსო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე საქართველოს ეკონომიკის დიგიტალიზაციის წახალისებას.
„დახმარების ამ პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, დაეხმარება მათ ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში.
პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.
მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგ. ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით.
„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დანერგილი მყისიერი გადახდების სისტემა ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე მყისიერ ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებელს გახდის ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას და საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. ასევე, საფინანსო ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას,“ - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ფირმებზე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური დახმარების შემუშავებას და მიწოდებას ფირმებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირების მიზნით, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით. აქცენტი გაკეთდება ძირითადი უნარების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც საჭიროა დიგიტალიზაციის და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე“ ეკონომიკაზე.