ბიზნესი
15/10/2020

მოსახლეობის თვითშეგნებას ბიზნესი და ეკონომიკა ეწირება - რესტორანი "ქვევრი"

„მოსახლეობის ასეთი მიდგომით კიდევ დიდ ხანს გავქაჩეთ, პრემიერის გადაწყვეტილებას ველოდით,“ - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელმა.

ლაშა ბასლაძის შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები ბიზნესსა და ეკონომიკაზე მძიმე გავლენას მოახდენს, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილება აუცილებელი და გარდაუვალი იყო.

როგორც რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, დაწესებული შეზღუდვები ქართულ რესტორნებს დღიურად მომხმარებელთა რაოდენობას 70%-80%-ით შეუმცირებს, თუმცა რესტორანი ახალ სამუშაო რეჟიმზე გადაწყობას და თანამშრომლების შენარჩუნებას გეგმავს.

„ყველანაირად ვეცდებით მოვერგოთ შეზღუდვებს, გავაგრძელოთ მუშაობა და შევინარჩუნოთ თანამშრომლები. ჩვენს ირგვლივ ისედაც რესტორნების 70% დაკეტილი იყო, აქამდე თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ანაზღაურების გაცემა მოვახერხეთ, თუმცა რა იქნება რამდენიმე თვეში არ ვიცი, შეიძლება დაკეტვაც მოგვიწიოს,“ - ამბობს ლაშა ბასლაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება 22:00 საათიდან შეიზღუდება.