ბიზნესი
23/02/2022

მოდერნიზებული რკინიგზა ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის  ფარგლებში ყველა სამშენებლო სამუშაო 2022 წელს დასრულდება.

„რიკოთის უღელტეხილზე უკვე დასრულდა 9 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა. ეს ისტორიული გვირაბია,  საკმაოდ გრძელი გვირაბია სარკინიგზო კუთხით. დასრულდება ახალი სადგურები, მიწის ვაკისის სამუშაოები ლიანდაგი მოწყობა. წლის ბოლოს ეტაპობრივად, დაიწყება სიგნალიზაცია/კავშირგაბმულობის სამუშაოები და ამით კონტაქტი დამყარდება აღმოსავლეთ და დასავლეთ რკინიგზებს შორის“, - განაცხადა  „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

მისი თქმით, მოდერნიზებული რკინიგზა ექსპლუატაციაში  2023 წელს შევა. რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 50 მლნ ტონამდე გაიზრდება. სამგზავრო მატარებლების მგზავრობის დრო კი, დაახლოებით 40-50 წთ შემცირდება.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, რკინიგზის დატვირთულობის მკვეთრი მატება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონის ქვეყნებზე და დერეფნის მონაწილეთა სინქრონულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

„თუ ერთმანეთს ავყვებით დერეფნის სხვადასხვა მოთამაშეები, როგორიცაა ყაზახეთი, აზერბაიჯანი, შავი ზღვის პორტები და ტერმინალები, რეალურია 40%-იან ზრდაზე გასვლა. არ მოხდა რამე რომ არა  კორონავირუსის პანდემია 2019 წელს დაგეგმილია იყო 3 წლიან ჭრილში 37%-იანი მატება, კოვიდიდან გამომდინარე მივიღეთ 21-22% -იანი მატება.  რეალურია  დაახლოებით 40%-იანი მატება ამ ჭრილის ფარგლებში, თუ რა თქმა უნდა რეგიონში არ მოხდა ისეთი პროცესები, როგორც 2020 წელს, მაგალითად საომარი მოქმდებები“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.