ბიზნესი
27/03/2023

მინიატურების სახელოსნო "დრაკარი" დიორამების შექმნის მასტერკლასს გამართავს

სახელოსნო „დრაკარი“ დიორამების - სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელების , შექმნის მასტერკლასებს იწყებს. პირველი სამდღიანი მასტერკლასები 31 მარტს, 1 და 2 აპრილს გაიმართება, რომლებსაც ჯამში 30 ადამიანი დაესწრება.

როგორც „დრაკარის“ თანადამფუძნებელმა, ლიკა წიქარიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მასტერკლასებზე მოთხოვნა დიდია და სამდღიან პრაქტიკულ შეხვედრებზე დასასწრები ყველა ადგილი უკვე დაკავებულია.

ამასთან, დაინტერესებულთა უმეტესობას მინიატურებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს, რაც დიორამების ნაწილში ბაზრის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს.

„ვინაიდან ინტერესი ძალიან მაღალი იყო, ვფიქრობთ მომავალშიც აუცილებლად დავგეგმავთ მსგავს მასტერკლასებს. ეს კონკრეტული მასტერკლასები დაფინანსებულია მსოფლიო რეწვის საბჭოს (WCCE) და კრეატიული ევროპის (CREATIVE EVROPE) პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად მასტერკლასები უფასოა. შემდეგში ვფიქრობთ, რომ ფასიან მასტერკლასებს გავაკეთებთ, თუმცა გარკვეული პროგრამების ფარგლებში დაფინანსების შემთხვევაში აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს აუდიტორიას უფასო მასტერკლასებსაც,“ - ამბობს ლიკა წიქარიშვილი

მისივე ინფორმაციით, დამსწრეები შეისწავლიან რეალიზმის ეფექტებს - როგორ კეთდება აგურის, ხის, დაძველების ეფექტები; ფილები, თუ გზა. ამასთან, პრაქტიკული შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება მზადების პროცესში დაშვებულ შეცდომებსა და მათი გამოსწორების ხერხებზეც.

„ჩვენი მიზანია, მასტერკლასების საშუალებით მეტი ადამიანი დავაინტერესოთ დიორამების შექმნით, ვაჩვენოთ და გავაცნოთ მინიატურების შექმნის პროცესი, მათ ვინც უკვე ქმნის დიორამებს, დავეხმაროთ, მეტი ინფორმაცია მიიღონ და შეძლონ ამ ინფორმაციის ეფექტური გამოყენება.

მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ მათთან კონტაქტს და ნებისმიერ მათთვის საინტერესო საკითხებზე ჩვენს გამოცდილებას  გავუზიარებთ. რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება დიორამების შექმნის პროცესში, ეს მეტად პოპულარულს გახდის ამ მიმართულებას საქართველოში,“ ამბობს ლიკა წიქარიშვილი

შეგახსენებთ, "დიორამა" იგივე მინიატურაა, სამ განზომილებიანი მოდელი, რომელიც რეალურ საგანს დეტალურად ასახავს. სახელოსნო „დრაკარი“ დიორამებს უკვე 4 წელია ქმნის.